ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში გადაცემა "ცხრიანის" წამყვანმა ნინო ჟიჟილაშვილმა "რუსთავი-2"-ის ერტერთ დამფუძნებელს ეროსი კიწმარიშვილს უხერხული შეკითხვები დაუსვა, რამაც ამ უკანასკნელის დაბნეულობა გამოიწვია.
"რეპორტიორს" მოჰყავს გადაცემის წამყვანსა და სტუმარს შორის დიალოგის ფრაგმენტი, რომელიც ასე წარიმართა:
ნინო ჟიჟილაშვილი: „თქვენი ეთერში მოწვევა ჩემთვის ერთგვარ ინტრიგას შეიცავდა. მაინტერესებდა, მოგერიდებოდათ თუ არა მაესტროს ეთერში შემოსვლა. რას ეტყოდით მაესტროს მაყურებელს, რომელსაც ამ არხის დახურვას უპირებდით რამდენიმე წლის წინ?“
ეროსი კიწმარიშვილი: „მრავალტანჯულ მაესტროს თემაზე სასაუბროდ მე აქ არ მოვსულვარ. მორიდებას რაც შეეხება, თქვენ დამპატიჟეთ, მე-მოვედი, ასე რომ ინტრიგა დღეს ზედმეტია."
ნინო ჟიჟილაშვილი: „თქვენ რის სასაუბროდ მოხვედით ერთია და მე რა მაინტერესებს - მეორე. მოკლედ, არ გერიდებათ? არ გრცხვენიათ?"
ეროსი კიწმარიშვილი, მცირე დუმილის შემდეგ: „შემდეგი კითხვა... მორალის საკითხავად თქვენთან არ მოვსულვარ“.
შეგახსენებთ, რომ ეროსი კიწმარიშვილი ამჟამად კენჭს რუსთავის მერად იყრის. კიწმარიშვილის მიერ სასამართლოში შეტანილი სარჩელი სტუდია „მაესტროსა” და ”რუსთავის მედიის მართვის კომპანიას” შორის დადებული ხელშეკრულების პირობების დარღვევასა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისათვის ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდა.
"რეპორტიორის" მიხედვით