
გაზეთ "ქრონიკა პლუსის" სტატიაში "ჯანსულო! ჯანსულო! მინდორს მოკო ფიორია", რომელიც ივანიშვილის "ქართუ ჯგუფის" მიერ განმუხურის სანაპირო ზოლის შესყიდვას ეხება და სადაც გახსენებულია, როგორ შენდებოდა და ვითარდებოდა განმუხური, აღწერილია მიხეილ სააკაშვილისა და ანაკლიელი მეთევზის მოულოდნელი შეხვედრის ეპიზოდი.
"თუ ანაკლიაში მოხვდებით, აუცილებლად იკითხეთ, დღესაც მოგიყვებიან განმუხურში კატერით გასულმა სააკაშვილმა როგორ მოინდომა ანაკლიისკენ გასვლა და რა მოხდა მერე, მე კი მანამდე თქვენ მოგიყვებით:
მოკლედ, განმუხურში პატრიოტთა ბანაკის მშენებლობა გადაწყდა. რასაკვირველია, სააკაშვილი არად დაგიდევდათ საწვავის ხარჯებს (ეგ მფლანგველი!) და ხან მანქანით, ხანაც კი თავისი ვერტმფრენით კვირაში სამჯერ მაინც თავზე ადგა მშენებლობას: „კაი დედიშვილი იყავი და განრიგის მიხედვით არ გემუშავა“, - იხსენებს გრიშა ჭაავა, რომელიც მაშინ განმუხურში ხის კოტეჯების მშენებლობაზე მუშაობდა, -
„გვიხდიდნენ კარგად, ორმაგს გვიხდიდნენ, ვინც გამოვთქვამდით სურვილს, რომ სადღეღამისო რეჟიმში გვემუშავა - გაჩირაღდნებული იყო იქაურობა და ისე კი არ იყო, მარტო ჩვენ რომ ვყოფილიყავით - უფროსობაც ჩვენთან ერთად ჭამდა ძეხვს და ლავაშს, ერთხელ მიშაც შეგვესწრო, ღამით, მოვიდა, ლავაში მოიტეხა, ძეხვი მოიჭრა და კაი მადიანად ილუკმებოდა“.
მოკლედ, ჩასულა მიშა ერთ ღამეს, დაუთვალიერებია მშენებლობა, უჭამია პური მუშებთან, გასულა ზღვის ნაპირზე, მოუნახულებია გალის ადმინისტრაციულ საზრვარზე მდგარი ჩვენი პოლიციელი ბიჭები და როცა გამთენიისას უკან გაბრუნების დრო მოსულა, მოტორიანი ნავი მოუთხოვია, ზღვის აკვატორია უნდა დავათვალიერო ბანაკის გასწვრივო.
აბა, უარს ვინ ეტყოდა და ორ მცველს პლუს მენავესთან ერთად ზღვაში შეუცურავს. იქეთური, აქეთური და, მენავისთვის უთქვამს, ანაკლიისკენ გაცურეო. დაცვა შეცბუნებულა, მამგრამ რას იზამდა, დაკავშირებია დანარჩენებს, არიქა, ანაკლიაში გადაბარგდით მანქანებიან-სნაიპერებიანადო...
სანამ ეს დაცვა გადმობარგდებოდა, უკვე კარგა გვარიანად გათენებულა. მიშას ზღვაზე ხის ნიჩბიანი ნავით შეცურებული მეთევზე შეუნიშნავს უკვე ანაკლიასთან მისულს და მიცურეთ, უნდა დაველაპარაკოო. მიცურეს, აიღეს მიმართულება და გამორთეს ძრავი. მერე ის მეთევზე ჟურნალისტებთან იხსენებდა იმ გაოგნებას, რაც იგრძნო, როცა მოახლოებულ კატერში მყოფებში სააკაშვილი ამოიცნო:
„კინაღამ რქები ამომივიდა, კაცო! მომადგა კატერი და ვხედავ, მიშა ზის და მიცინის! მომკალი-ღმერთო, რა მოლანდებები ამიტყდა ამ გამთენიისას ზღვაზე-მეთქი, გავიფიქრე და ამასობაში მეუბნება, შენს ნავზე უნდა გადმოვიდეო. სანამ აზრზე მოვიდოდი, გადმოვიდა და დამიჯდა პირისპირ. ვისაუბრეთ ცოტა ხანს და გაცურე ნაპირისკენ, შენთან წავიდეთ სახლშიო, მითხრა...“
მერე რაც მოხდა, არანაკლებ საინტერესოა. მოადგა ეს მეთევზე ნაპირს მიშასთან ერთად, იქვე დგას მტვრიანი „გაზ 21 ვოლგა“, ამითაა სანაპირომდე მოსული, ურეკავს ცოლს - ქალო, სააკაშვილი მომყავს სახლში და რაც გვაქვს, გამოიტანე, გაშალე სუფრაო. დილის 7 საათია, ცოლი ძილბურანშია და გაგიხმეს თავი, რა დროს ხუმრობაა ამ დილითო, ქოქოლას აყრის ქმარს, ამან კიდე - გააკეთე რასაც გეუბნები, 10 წუთში მანდ ვართო...
არ დაიჯერა იმ ქალმა, მაგრამ ადგა მაინც, ხელ-პირი დაიბანა, ოთახი გამოგავა სასწრაფოდ, ჩაიდანი დაადგა, თმა გადაივარცხნა და პომადის გადასმა ვერ მოასწრო - გაჩერდა ჭიშკართან „გაზ 21“ და აგერ არ მოდის მისი ქმარი, მიშასთან ხელგადახვეული?.."
გაზეთი "ქრონიკა პლუს"
ირაკლი გედენიძის ფოტო