-
2016-04-05 21:51
ზუგდიდის რაიონის სოფელ განმუხურში სანაპირო ზოლის ნაწილის გაყიდვას ეხება სტატია, რომელიც გაზეთ „ქრონიკა პლუსში“ გამოქვეყნდა და სადაც გამხილულია, როგორი იყო ადრე განმუხური, როგორ მოხდა მისი გარდაქმნა და რატომ დაინტერესდა მისით სწორედ ახლა ბიძინა ივანიშვილის „ქართუ ჯგუფი“, რომელმაც აუქციონით შეიძინა სანაპირო ზოლის 34 ათასი კვადრატული მეტრი.
"ჯანსულო! ჯანსულო!
მინდორს მოკო ფიორია!"
-
„ორსანტია, განმუხური,
ფახულანი, გაგიდა,
მოდი, ერთად ვიმღეროთ და
გაგვიშალე მაგიდა!“ - მეგრული ფოლკლორის ამ ორი ნიმუშის შესახებ, რომლებიდანაც ერთს მღერიან, მეორეს კი ლექსად ამბობენ, სავარაუდოდ, დიდ ქველმოქმედსა და საქართველოს ამბიბინებელს, მეფეს ზებრათა, პინგვინთა, ზვიგენთა და ტიტის ხეთა, სავარაუდოდ, არაფერი სმენია, თუ იმას არ ჩავთვლით, რომ შესაძლოა, ერთი, რომელსაც მღერიან, მოსმენილი ჰქონდეს.
იმ სიმღერაში მეგრელი, ბაქია კაცია გაშარჟებული, რომელიც იკვეხნის მოვერცხლილი ლეკურითა და დამბაჩით, მისი თქმით, მინდორში დავლურის დასავლელად ადგილი, არეალი სჭირდება („მინდორს მოკო ფიორია“), ტყვიას ტყვიაში აჯენს და ბოლოს იქვე განგებ დაგდებული ბოხოხის ეშინია და „კლავს“.
„ჯანსულოსგან“ განსხვავებით, მეორე ფოლკლორული ნიმუში არც ისე პოპულარულია და დიდი შინაარსობრივი დატვირთვა, გარდა იმისა, რომ სამეგრელო და სამურზაყანო კეთილი მეზობლები არიან, არა აქვს - ჩამოთვლილი სოფლები ერთმანეთს ესაზღვრებიან და ორი ზუგდიდის, ხოლო თითო - გალისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის. მათ ენგური აერთიანებს და ორს - განმუხურსა და გაგიდას - ზღვა“, - წერს გაზეთი.
ავტორი წერს, რომ ბიძინა ივანიშვილმა წინა ხელისუფლებისგან ერთხელ უკვე მიიღო შეთავაზება, ჩაედო ფული განმუხურის განვითარებაში, მაგრამ მაშინ ეს მილიარდერს სასაცილოდაც არ ეყო:
„ქრონიკა პლუსის“ ხელთ არსებული ინფორმაციით, იმ წლებში, როცა განმუხური-ანაკლიის მშენებლობისა და სანაპიროს კეთილმოწყობის იდეა მომწიფდა, სააკაშვილმა ამ საქმეში ივანიშვილის ჩაბმაც სცადა. იმისთვის, რომ მილიარდერი პროექტებში ფულის ჩადების მომგებიანობაში დაერწმუნებინა, ივანიშვილს რამდენჯერმე შეხვდა ვანო მერაბიშვილი.
ხან აქედან მოუარა მერაბიშვილმა, ხან იქედან, მაგრამ ივანიშვილი ვერაფრით დაიყოლია: ის ვერ ხედავდა არათუ დაფინანსების საჭოიროებას, არამედ თავად სააკაშვილსა და მის ხელისუფლებასაც აფრთხილებდა, რომ განმუხურის კეთილმოწყობაზე ხელი აეღოთ, მიზეზად კი გვერდით სოფელში განთავსებულ რუსულ საგუშაგოებს ასახელებდა.
როგორც იცით, სააკაშვილმა თავისი გაიტანა და განმუხურის პროექტი შედგა. ექვსი წლის შემდეგ, უკვე ხელისუფლებიდან წასულ ივანიშვილს, რომელიც ქვეყანას შუშის სასახლეში წამოჭიმული, არაფორმალურად მართავს, უკვე თავად გაეხსნა მადა - თავიდანვე გაჩნდა ეჭვი, რომ განმუხურის სანაპირო ზოლის გაყიდვა (სულ 34.000 კვადრატული მეტრი) ივანიშვილის კომპანიის დაინტერესება იყო, თუმცა ეს ეჭვი მხოლოდ მას შემდეგ დადასტურდა, რაც აუქციონის შედეგები გახდა ცნობილი: განმუხურის სანაპირო ზოლის ნაწილი ბიძინა ივანიშვილის „ქართუ ჯგუფმა“ შეიძინა...
სხვათა შორის, ივანიშვილის კომპანიის მიერ ნაყიდი მიწა, თავისი სამი ნაგებობით, განმუხურის სანაპიროს საუკეთესო მონაკვეთია. ის სანაპიროს ცენტრალური შესასვლელიდან მარჯვნივ მდებარეობს, სადაც ბოლოს ქართველი პოლიციეების საგუშაგოა. ამ საგუშაგოს მიღმა, რამდენიმე ასულ მეტრში, უკვე რუსული ბლოკ-პოსტები იწყება.
მაგრამ, როგორც ჩანს, ოლიგარქს რუსული ბლოკ-პოსტების ახლა უფრო ნაკლებად ეშინია, ვიდრე, ვთქვათ, 6-7 წლის წინათ...“, - აღნიშნულია სტატიაში.
გაზეთი "ქრონიკა პლუს"




