
„გარდიანის“ საგამოძიებო განყოფილების რედაქტორმა დევიდ ლეიმ ტელეკომპანია „დოჟდს“ ჯერ კიდევ 2013 წლის აპრილში უამბო ამერიკელ კოლეგებთან ერთობლივი მუშაობის შესახებ, რომლის შედეგიც გახდა გამოცემაში გამოქვეყნებული სტატია „გაჟონვა“, სადაც, ლეის თქმით, მათ ხელთ არსებული მასალების მხოლოდ მცირე ნაწილი გამოქვეყნდა.
აღსანიშნავია, რომ დევიდ ლეი, აანონსებდა რა მომავალში გამოსაქვეყნებელ მასალებს, საქართველოსაც ახსენებდა:
„დოჟდის“ წამყვანი: - შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მთელი ინფორმაცია გამოქვეყნდება დროთა განმავლობაში და ის ხელმისწავდომი იქნება მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის ჟურნალისტისთვის?
დევიდ ლეი: - ჩვენ ამ საღამოს გამოვაქვეყნებთ მხოლოდ ნაწილს იმ მასალებისას, რაც გვაქვს. ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება. ძირითადად, ცნობილი გახდება სახელები საქართველოდან, ეს ქვეყანა თქვენს მეზობლად მდებარეობს. მაგრამ მთლიანად სიის გამოქვეყნება არ შეიძლება, რადგან ის ძალიან დიდი მოცულობისაა და ყველა მონაცემს ჩვენ არაფრით არ გამოვაქვეყნებთ. რაც შემიძლია ამჯერად ზუსტად გითხრათ, ისაა, რომ სიაში ათასობით რუსული გვარი იქნება.
შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილი პრემიერი და მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი იმ პირებს შორისაა, ვინც ჟურნალისტ-გამომძიებელთა საერთაშორისო კონსორციუმის მიერ მოპოვებულ წყაროებში ოფშორულ კომპანიებთან საეჭვო კავშირების გამო მოხვდნენ. ამ კონსორციუმის მასალები 82 ქვეყნის 100-ზე მეტ მედიასაშაუალებაში გავრცელდა.