
პორტალი "გურიის მოამბე" შეკვეთილში, ზღვის ნაპირთან მიახლოებული ასწლოვანი ლირიოდენდრონის ნაპირზე გადატანის ამსახველ სამუშაოებზე ფოტორეპორტაჟს აქვეყნებს და წერს, რომ რახან ხე ვერ მივიდა ნაპირამდე, ნაპირი მიჰყავთ ხესთან, ხოლო ამასობაში ლირიოდენდრონმა ყვავილობა დაიწყო.
"ორდღიანი აქტიური სამუშაოების შემდეგ, შეკვეთილში ხის ნაპირამდე მიტანა ვერ შეძლეს, ამიტომ რამდენიმე საათია, ზღვიდან ნაპირამდე, 50-მეტრიან მონაკვეთზე სახელდახელო გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს და თუ ამ დრომდე ზღვიდან ხდებოდა ქვიშის ამოღება, ახლა პირიქით, ზღვაში შეაქვთ.
6 ერთეული მძიმე ტექნიკა მიმართულია ზღვაში ქვიშის ჩაყრისა და დატკეპნით სამუშაოებზე. ამ დროისთვის გზა დაახლოებით 30 მეტრითაა შესული ზღვაში", - წერს "გურიის მოამბე" და საკუთარ კორესპონდენტზე დაყრდნობით იუწყება, რომ ხის ნაპირზე გადატანის სამუშაოები ხვალ განახლდება.
შენიშვნა: "გურიის მოამბის" ფოტოები