
ცნობილი გახდა, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ლატვიის, ლიტვისა და მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლოებთან ერთად რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს წინააღმდეგ პროცესში მონაწილეობს.
პროცესი ეხება რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც მან ყირიმის ანექსია გაამართლა. ოთხი ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოები მიიჩნევენ, რომ ეს გადაწყვეტილება ანტიკონსტიტუციური იყო. დღეს მათ ე.წ. „ბათუმის პროცესის“ შედეგები უკრაინაში, პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან შეხვედრის დროს განიხილეს. ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.
„საკონსტიტუციო სასამართლოები განზე არ რჩებიან. ამ წელს ჩვენ დავიწყეთ ე.წ. ბათუმის პროცესი, რომელიც რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების დაგმობას გულისხმობს, ყირიმთან მიმართებაში. მას შეეძლო ეს ანექსია შეეჩერებინა, მაგრამ ეს არ გააკეთა. ჩვენ გადავწყვიტეთ, არ გავჩუმდეთ ამაზე“, - განაცხადა ლიტვის საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმძღვანელმა დეინუს ჟელიმასმა.
შეგახსენებთ, 2014 წლის 19 მარტს რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციასთან შესაბამისად სცნო საერთთაშორისო შეთანხმება რუსეთის შემადგენლობაში ყირიმის შესვლის შესახებ, თანაც, ვლადიმირ პუტინის თხოვნით, ეს გააკეთა ზეპირი მოსმენების გარეშე, რადგან „გაითვალისწინა ყირიმთან დაკავშირებით შექმნილი დაძაბული სიტუაცია“.