
NewsOne-ზე, მატვეი განაპოლსკის გადაცემაში "ეხო უკრაინი" მიწვეულმა მიხეილ სააკაშვილმა გაიხსენა, რა თავისებურებებით ხასიათდებოდა კრიმინალთან ბრძოლა საქართველოში. კონკრეტულად, სააკაშვილს ე.წ. კანონიერ ქურდებთან ბრძოლის გამოცდილების შესახებ ჰკითხეს.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, "კანონიერი ქურდები" თავდაპირველად მის ხელისუფლებასთან კავშირსა და მათი ადრინდელი პოზიციის გამყარებას ცდილობდნენ, მაგრამ არ გამოუვიდათ. მან გაიხსენა ცნობილ კრიმინალურ ავტორიტეტ თარიელ ონიანთან შეხვედრის დეტალები, როცა არ იცოდა, ვინ მიესალმა, ხოლო მას შემდეგ, რაც გაიგო, ქვეყნის დასატოვებლად 12 საათი მისცა.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, მისი წინამორბედი ხელისუფლების დროს შინაგან საქმეთა მინისტრი აეროპორტში ახვედრებდა მანქანებს "კანონიერ ქურდებს". გადაცემის წამყვანის გაოცებულ რეპლიკაზე სააკაშვილმა განაცხადა, რომ ამის გამო გაკვირვება არ ღირს, რადგან იმ ხელისუფლებას არც ახლანდელი ვიცე-პრემიერი ჩამორჩება, რომელიც "კანონიერ ქურდებს", მათ შორის, უკრაინიდან დეპორტირებულებს, აეროპორტში ხვდება და ქვეყნიდან აცილებს.