
გაზეთი „ალია“ ეხმიანება ბოლო დროს საზოგადოებაში აქტიური განხილვის საგნად ქცეულ შეკითხვას - მოდის თუ არა პოლიტიკაში პაატა ბურჭულაძე? ამ შეკითხვას თავად ბურჭულაძემაც უკვე გასცა პასუხი, მაგრამ „ალიას“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობილი ანალიზი განსხვავებულია.
გამოცემა წერს, რომ პაატა ბურჭულაძე პატრიარქისთვის გეგმა „ბ“ იყო, რომელსაც გაჭირვების დროს აამუშავებდა:
„პაატა ბურჭულაძე პატრიარქისთვის გეგმა „ბ“ იყო, რომელსაც გაჭირვების დროს აამუშავებდა. შეიძება ითქვას, რომ ეს გასაჭირი უკვე დადგა. ბიძნა ივანიშვილსა და მის „ქართულ ოცნებას“ ამაზე უარესი დრო რაღა უნდა დაუდგეთ, როცა ხალხის ნდობა საბოლოოდ დაკარგეს და 2016 წლის არჩევნებში წარმატების მიზერული შანსები აქვთ?!
ამ ვერსიას ტუ მივყვებით და ბურჭულაძე მართლა პატრიარქის პროექტია, გამოდის, რომ არჩევნების შემდეგ, პარლამენტში მისი პარტია არა „ნაციონალებს“, არამედ „ქართულ ოცნებას“ შეეკვრება. თუ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ მოიპოვა იმდენი მანდატი, რომ პრემიერ-მინისტრი გაიყვანოს, მაშინ ბურჭულაძე თავისი პარტიის ხმებს შეაწევს და ერთობლივ კანდიდატს გააპრემიერებენ“, - წერს „ალია“.
გამოცემა წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ არც ის არის გამორიცხული, ასეთ შემთხვევაში პრემიერად პაატა ბურჭულაძე ვიხილოთ. „შეიძლება ითქვას, ეს ყველაზე დამაჯერებელი ვერსიაა იმის გათვალისწინებით, თუ როგორი კარგი ურთიერთობა აქვთ პატრიარქსა და პაატა ბურჭულაძეს და შეგახსენებთ, თავადვე აღიარებს, რომ პატრიარქის გარეშე მნიშვნელოვან ნაბიჯებს არ დგამს“, - წერს „ალია“.