
ხობის სამონასტრო კომპლექსში, სადაც სპეციალურად ამ კომპლექსისთვის საქართველოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით დაწერილი ხატი დააბრძანეს, ხობისა და ფოთის მიტროპოლიტმა გრიგოლმა იქადაგა და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზეც ისაუბრა.
მეუფე გრიგოლის თქმით, თვითმკვლელობის ტოლფასია, როცა რუსეთს მართლმადიდებლობასთან აიგივებენ, რადგან ისტორიულად საქართველოს მართლმადიდებელი რუსეთისგან არანაირი სიკეთე არ მიუღია.
„მე ვწუხვარ, როდესაც მართლმადიდებლობას და რუსეთს ერთმანეთთან აიგივებენ. ამას ვერ მივესალმები, რადგან ვერც ერთი ისტორიკოსი ვერ დამისახელებს, რა სიკეთე მიიღო საქართველომ მარლმადიდებელი რუსეთისგან.
ორი დღის წინ ჩვენ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღვნიშნეთ, მაგრამ შეუძლებელია, შეუთავსებელია, ადამიანი ამ ყველაფერს გულით ხარობდეს, ხატებზე გამოსახულ წმინდანებს თაყვანს სცემდეს და ამავდროულად რუსული დროშით ხელში ჩრდილოეთისკენ იმზირებოდეს.
ეს არის თვითმკვლელობა. ეს არის შეუსაბამობა, რომელიც არა გონიერებაზე, არამედ უგუნურებაზე მიუთითებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჯერ კიდევ დუღილის პროცესში ვართ და არ ვართ გაძლიერებული და ამ სუსტ მგომარეობაში დასაყრდენს პოულობს შავბნელი ძალა, რომელსაც სურს, უკან დაგვაბრუნოს.
რისი უნდა შეგვეშინდეს, როდესაც ჩვენთან არს ღმერთი?! ქრისტეს რწმენა ადამიანებს გმირებად აქცევს, ამიტომ ჩვენი რწმენა არ არის შიშის რწმენა“, - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.