
ვიდეო, რომელსაც „აფხაზეთის ხმა“ წარმოგიდგენთ, 2009 წელს, გალის რაიონის სოფელ სიდის საშუალო სკოლაშია გადაღებული.
ვიდეო გადაღებულია სასწავლო წლის გახსნის დღეს და მასზე კარგად ჩანს, რომ სკოლის პედაგოგები და სხვადასხვა ასაკის მოსწავლეები, რომლებიც ერთ საკლასო ოთახში არიან შეკრებილნი, საქართველოს ჰიმნს უსმენენ და მღერიან.
ვიდეომასალა 21 იანვარს აიტვირთა ერთერთ აფხაზურ ფორუმზე, სადაც მისი განხილვის დროს იუზერები სკოლის პედაგოგთა იდენტიფიცირებასა და დასჯას მოითხოვენ.
„ჩვენს ქვეყანაში უცხო სახელმწიფოს ჰიმნს მღერიან და ამას დაუფარავად აკეთებენ, ვიდეოსაც კი იღებენ. პატრონი არ გვყავს? სამაგალითოდ უნდა დაისაჯონ ეს პედაგოგები, ბავშვების მშობლები და სიდას გამგებელი“, - წერს ერთ-ერთი იუზერი.
გალის რაიონის სოფელი სიდა გალთან ახლომდებარე სოფელია, თუმცა იქ, ძირითადად, ქართველი ეროვნების მოსახლეობაა, როგორც, ზოგადად, გალის რაიონში.
სოფელი აფხაზური დე ფაქტო ხელისუფლების დაქვემდებარებაშია, ჰყავს აფხაზური ადმინისტრაციის მიერ დანიშნული გამგებელი. სიდაში 2009 წელს უკვე იდგნენ (და დღესაც იმყოფებიან) რუსეთის საოკუპაციო ჯარების ნაწილები.