
1. კვერცხის გულისა და მწვანე ჩაის ნიღაბი
კვერცხი ცილით მდიდარი პროდუქტია. იგი აუმჯობესებს და აძლიერებს თმის ღერის პარკუჭს. კვერცხი აგრეთვე მდიდარია ვიტამინებით, რომლებიც აჩერებენ ქერტლის წარმოქმნას და აუმჯობესებენ სისხლის მიმოქცევას. მწვანე ჩაი კი საუკეთესო ანტიოქსიდანტია და აჩქარებს თმის ზრდას. ნიღბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ: 1 კვერცხის გული და 2 სადილის კოვზი გამოყენებული მწვანე ჩაის ფოთლები (ჩაის დაყენების შედეგად დარჩენილი). კომპონენტები ერთმანეთში კარგად გადაურიეთ. მიღებული ნიღაბი წაისვით თმაზე. ზემოდან შხაპის ქუდი დაიხურეთ და 30 წუთი გაიჩერეთ. ჩამოიბანეთ გრილი წყლითა და შამპუნით.
2. ზეთოვანი ნიღაბი
დაგჭირდებათ: თმის ზეთი, თქვენი სურვილით (ქოქოსის, ნუშის, ჟოჟობას ან ზეითუნის), 3 ამპულა "ე" ვიტამინი. ზეთები ერთმანეთში კარგად გადაურიეთ. თავის კანი 10 წუთის განმავლობაში დაიმასაჟეთ, წაისვით მიღებული ნარევი და ჯერ შხაპის ქუდი დაიხურეთ, შემდეგ პირსახოცი შემოიხვიეთ. გაიჩერეთ რამდენიმე საათი ან მთელი ღამე. ჩამოიბანეთ ჩვეულებრივი მეთოდით.
3. კვერცხის გულისა და ბანანის ნიღაბი
დაგჭირდებათ: 1 ცალი მწიფე ბანანი, 1 ცალი კვერცხის გული. ბანანი კარგად დაჭყლიტეთ, დაუმატეთ კვერცხის გული. მიღებული ნარევი თმაზე წაისვით და 30-40 წუთი გაიჩერეთ. ბანანი თმიდან რთული მოსაშორებელია, მაგრამ ნუ შეგეშინდებათ, წყლითა და შამპუნით ადვილად გაუმკლავდებით.
4. თაფლის ნიღაბი
დაგჭირდებათ: თითო სადილის კოვზი თაფლი და კონიაკი; 1 კვერცხის გული, 1 ჩაის კოვზი აბუსალათინის ზეთი; ზეთოვანი "ა" და "ე" ვიტამინები.
ერთმანეთში გადაურიეთ აბუსალათინის ზეთი და თაფლი, შემდეგ კვერცხის გული და კონიაკი, ბოლოს ზეთოვანი ვიტამინები. მიღებული ნიღაბი წაისვით თმაზე, გადაინაწილეთ მთელ სიგრძეზე. თავზე ჯერ შხაპის ქუდი დაიხურეთ, შემდეგ პირსახოცი შემოიხვიეთ. გაიჩერეთ რამდენიმე საათი და შამპუნით ჩამოიბანეთ.
5 კვერცხის გულისა და ყავის ნიღაბი
დაგჭირდებათ: 1 კვერცხის გული და ნახევარი სადილის კოვზი ნატურალური დაფქული ყავა. ინგრედიენტები ერთმანეთში გადაურიეთ. დაიმასაჟეთ თავის კანი და შეიზილეთ მიღებული ნარევი. თავზე შხაპის ქუდი დაიხურეთ. გაიჩერეთ 40 წუთი და თბილი წყლით ჩამოიბანეთ.