-
2019-11-12 18:41
ქალაქი წყალზე - ყველა ოცნებობს ვენეციის სილამაზით ტკბობაზე, თუმცა სამყაროს ამ მშვენიერ ადგილს საფრთხე ემუქრება. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქს ყურადღება არასდროს აკლდა, მოგზაურები ახლა უფრო მეტად ჩქარობენ მის მონახულებას.
თუ თქვენც გეგმავთ ვენეციის მონახულებას სანამ ის ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია ჩვენთვის, გიზიარებთ რამდენიმე რჩევას, რომელიც აუცილებლად გამოგადგებათ :
- გონდოლას მაგივრად აირჩიეთ ტრაგეტო
ვენეციაში ჩასვლისას პრველად, რა თქმა უნდა, გონდოლათი რომანტიულ გასეირნებაზე ვფიქრობთ. მინდა გითხრათ, რომ მისი საფასურიც ისეთი მშვენიერი არ იქნება,როგორც გონდოლადან ქალაქის ხედებით ტკბობა.
ტრადიციულად, მთელი ვენეციის მასშტაბით, 30 წუთით გონდოლათი გასეირნებისთვის თქვენ 80 ევროს გადახდა მოგიწევთ. კარგი ამბავი ის არის, რომ მასში 6 ადამიანი ეტევა და თუ კომპანიონებს იპოვით, მაშინ თანხის განაწილებასაც შეძლებთ. მაგრამ, თუ თქვენ მარტო მოგზაურობთ და სულაც არ გსურთ ასეთი რაოდენობის თანხის გადახდა 30 წუთიანი გასეირნებისთვის, მაშინ გამოსავალი თქვენთვისაც არსებობს. ტრაგეტო - ასე ქვია გონდოლას შემცვლელს, რომელიც სულ რაღაც 2 ევრო ღირს. მიუხედავად იმისა, რომ ტრაგეტო არც ისეთი ლამაზი და კომფორტულია როგორც გონდოლა და თქვენი გასეირნებაც 30 წუთზე ნაკლები იქნება, მაინც ძალიან კარგი გამოსავალია ქალაქის ხედებით ტკბობისა და სამახსოვროდ რამდენიმე ფოტოს გადაღებისთვის.
- შეიძინეთ კარგი და წყალგაუმტარი ქალაქის რუკა
ყოველი ფეხის ნაბიჯზე ადგილობრივებისთვის კითხვა თუ სად რა მდებარეობს არც ისეთი კარგი იდეაა. ამასთანავე ელექტრონული რუკის გამოყენებაც პრობლემატურია, რადგან ქალაქში ჯიპიესი კარგად არ მუშაობს და მარტივად შეიძლება დაიკარგოთ. საუკეთესო გამოსავალი კარგი და რაც მთავარია წყალგაუმტარი რუკის შეძენაა, სადაც ვენეციის ყველაზე უცნობ ადგილებზეც გექნებათ ინფორმაცია.
- აუცილებლად შეიძინეთ ვაპარეტოს ბილეთი
თუ ქალაქის კარგად გაცნობა გსურთ აუციებლად შეიძინეთ საზოგადოებრივი ნავის - ვაპარეტოს ბილეთი. ასე თქვენ დაზოგავთ სამოძრაო თანხას და მარტივად გადაადგილდებით. ერთჯერადი ბილეთის ღირებულება 7.5 ევროა, ერთი დღის - 20 €, ორი დღის - 30 €, ხოლო 5 დღის საფასური - 60 €. მთავარია ნავზე ასვლისას არ დაგავიწყდეთ ბილეთის სისტემატიური განაღდება, წინააღმდეგ შემთხვევაში აუცილებლად დაჯარიმდებით კონტროლიორის მიერ.
- აუცილებლად გადახედეთ ქალაქს ზემოდან
ვენეციის ხედებით ტკბობას ყველაზე კარგად Fondaco dei tedeschi-ს სავაჭრო ცენტრის სახურავიდან შეძლებთ. სახურავზე ასვლა უფასოა, თუმცა აუცილებელია ბილეთის წინასწარი დაჯავშნა.
- მუზეუმებისა და ეკლესიების სპეციალური ბარათები
ხელოვნების მოყვარულებისთვის ვენეციას თავისი განსაკუთრებულობა ახასიათებს. არსებობს სპეციალური ბარათები, რომელთა ერთჯერადი ყიდვისას რამდენიმე ადგილას შესვლის უფლება გექნებათ. მაგალითად Museum Pass - რომლის ღირებულებაც 32 ევროა გაძლევთ საშუალებას მოინახულოთ 11 მუზეუმი. ასევე არსებობს Chorus Pass, რომლის შეძენის შემთხვევაშიც გადაიხდით 12 ევროს და 17 უმშვენიერეს ეკლესიას ესტუმრებით.
და ბონუსად, გეტყვით, რომ ვენეციას ეწვიეთ ან შემოდგომას ან გაზაფხულზე, რადგან ზაფხულში უამრავი ტურისტი სტუმრობს ქალაქს და საკმაოდ რთულია გადაადგილება. გარდა ამისა, როდესაც ვენეციაში ძალიან ცხელა საკმაოდ ბევრი დაწესებულება თუ რესტორანი იკეტება და შესაძლოა გული დაგწყდეთ, რომ ვერ მოახერხეთ მათი მონახულება.


