
"რუსთავი 2"-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გირაოს გადახდაზე უარი ოფიციალურად თქვა. ნიკა გვარამიამ პროკურატურა ცოტა ხნის წინ დატოვა. მისი განცხადებით, თუ გირაოს გადაუხდელობის გამო, მას პასუხისმგებლობას დაუმძიმებენ, ამას გვარამია დაემორჩილება.
"გირაოს უნიკალური კოდის გადმოცემის პროცედურა იყო, ამ დოკუმენტში შეგნებულად არც ჩამიხედავს და არც ჩამიბარებია. ეს უნიკალური კოდი არ ვიცი. ეს იცის მხოლოდ ამ უწყებამ, ამიერიდან, თუ ვინმემ რამე შეიტანა ჩემს ანგარიშზე, არის ამ უწყების დამსახურება, ანუ მხოლოდ მათ შეიძლება გათქვან ეს უნიკალური კოდი, ჩემგან ეს ვერ მოხდება, რადგან ამ ინფორმაციას არ ვფლობ. გირაოს გადახდას არ ვაპირებ, გამაფრთხილეს, რომ ჩემი პასუხისმგებლობა ამის გამო შესაძლოა, დამძიმდეს. დამძიმდეს, ვერ ვხედავ პრობლემას. იმთავითვე ვთქვი, რომ მე მზად ვარ ამისთვის. ის, რაც ნებაყოფლობით უნდა შესრულდეს ჩემ გამო, როგორც აღკვეთის ღონისძიება, მე ამას არ შევასრულებ, რადგან თავი მიმაჩნია უდანაშაულოდ. თუ იმ ღონისძიებას მომისჯიან, რომელიც იძულებას გულისხმობს, ანუ აღკვეთას, დავემორჩილები. გიჟი ხომ არ ვარ, სახელმწიფოა და კი, ბატონო, აღმიკვეთონ თავისუფლება. ამისთვის მზად ვიყავი იმთავითვე", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით 10 აგვისტოს მიმართა. 11 აგვისტოს სასამართლომ ნიკა გვარამიას 40 000 ლარის გირაო შეუფარდა.