
საქართველოს საპატრიარქო ყინწვისის მონასტერში მარმარილოს ფილების დაგებასთანდაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ მიუხედავად იმისა, იატაკი სიძველეს არ წარმოადგენდა, ასეთი ნაბიჯის შეუთანხმებლად გადადგმა ყოვლად გაუმართლებელია.
„ყველა ეპარქიას მისი მღვდელმთავარი განაგებს და მონასტრის საძმოს სურვილი ამა თუ იმ ეკლესიაში სამშენებლო სამუშაოების ჩატარებისა, პირველ რიგში, მმართველი იერარქისგან და საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების საბჭოსგან უნდა იყოს ნებადართული, ხოლო როდესაც საქმე ეხება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, ასეთი სახის საქმიანობა აუცილებლად უნდა შეთანხმდეს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთანაც. ეს არის ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობის დადგენილი წესი, რომლის დაცვა ყველას მართებს. მოცემულ შემთხვევაში კი ყველა საფეხურზე დარღვევას ჰქონდა ადგილი", - აღნიშნულია განცხადებაში.
საპატრიარქო ყინწვისის ტაძრის წინამძღვრის თვითნებურ ქმედებაზე საეკლესიო კანონიკიდან გამომდინარე ეპარქიის მმართველი მღვდელმთავრის რეაგირებას ელოდება.