
რეჟისორი რობერტ სტურუა სოციალურ ქსელში წერს, რომ მას „სუხიშვილებისგან სმენია, გრეგორი პეკი წარმომავლობით ქართველი, ვინმე ქუთაისელი ლევან ნიჟარაძის შვილიაო“:
"გორბაჩოვის მართველობის დროს, ვახტანგოვის თეატრში სპექტაკლს ვდგამდი. ამ დროს მოსკოვში შეკრიბეს მთელი მსოფლიოს ინტელექტუალები: მწერლები, მხატვრები, მეცნიერები, მსახიობები, მოკლედ, ყველა, ვინც რაღაცას წსრმოადგენდა დიდი, უკვე მოსუსტებული, მორყეული იმპერიისთვის. რატომღაც მეც დამპატიჟეს ბანკეტზე. არ დამავიწყდება კლაუდიო კარდინალე. ერთ მაგიდაზე შეგვახვედრა განგებამ, უკვე ბებერმა ულამაზესმა ქალმა საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა. რაღაც მაგიურ, არაადამიანურ მშვენიერებას ასხივოსნებდა, მაგრამ ამაზე სხვა დროს.
უეცრად გრეგორი პეკს მოვკარი თვალი. სუხიშვილებისაგან მსმენია, რომ იგი წარმომავლობით ქართველიაო, ვინმე ქუთაისელ ლევან ნიჟარაძის შვილიო. თვითონ მოვიდა კონცერტის შემდეგ გაგვეცნო და გული გადაგვიშალაო! ვხედავ ნიუ-იორკ ტაიმსის ჟურნალისტი ახლავს, რომელსაც მომავალ პრემიერასთან დაკავშირებით ინტერვიუ მივეცი... მივედი მასთან, გააცნო ჩემი თავი გრიგოლ პეკს, ანუ ნიჟარაძეს და... ერთი სურვილი მაქვს ვკითხო მის ქართველობაზე, მაგრამ მერიდება ძალიან. ვთხოვე ჟურნალისტს. სიცილით მოკვდა. მე ვუმტკიცებ რომ დანამდვილებით ვიცი მეთქი. გაეხარდება ქართველს რომ მნახავს-მეთქი! ბოლოს ვკითხეთ, წითელი, არა, სისხლისფერი მოედო მის ვაჟკაცურ სახეს, და თვალებში მძვინვარებამ იფეთქა! თურმე ნუ იტყვი და
მისმა პაპის პაპამ იმ ისტორიულ დოკუმენტს მოაწერა ხელი, მეთვრამეტე საუკუნეში ამერიკის შტატებს დამოუკიდებლობა რომ მოუტანა! სად წავსულიყავი არ ვიცოდი! ესეც ჩვენი ცუკერი!"- წერს სტურუა.