ადამიანის უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე აცხადებს, რომ არსებობს ე.წ. შავი სია, სადაც 72 ადამიანი უბნების მიხედვით შედის და ეს ადამიანები, ძირითადად, ნარკოტიკების ჩადებით უნდა დააკავონ, რათა საზოგადოებაში შიში გაჩნდეს.
ამის შესახებ ნანა კაკაბაძემ „კურიერში“ განაცხადა: „არის 72 კაციანი სია და ამ სიაში შემავალი პირები უნდა დააპატიმრონ, უბნების მიხედვით. ამათ უნდა ჩაუდონ ნარკოტიკები. ამ მეთოდის გამოყენება ხდება იმისთვის, რომ „გათამამებული საზოგადოება“ შეშინდეს და ჰქონდეს დასჯის შიში. ამ სიის არსებობა იცის შსს-მ, პროკურატურამ და ყველა საჭირო სტრუქტურამ. სავარაუდოდ, თენგო ერისთავის შემთხვევაც ამ კატეგორიიდანაა“, - განაცხადა ნანა კაკაბაძემ.
ნანა კაკაბაძემ „კურიერში“ ისაუბრა ასევე სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა გახშირებული გარდაცვალების, თვითმკვლელობის ფაქტებზე და განაცხადა, რომ საგანგაშოა თვითმკვლელობის ის ფორმაც, რომლებსაც პატიმრები, უმრავლეს შემთხვევაში, იყენებენ:
„გარდაცვალების რიცხვი საგანგაშოა, მაგრამ უფრო მეტად შემაშფოთებელია ამ თვითმკვლელობათა ფორმა - ყელის გამოჭრა. მე ვსაუბრობ იმ შემთხვევებზე, როცა თვითმკვლელობა ეჭვს არ იწვევს. ამის ერთი მიზეზი, შესაძლოა, იყოს ფსიქოტროპული მედიკამენტები, რომლებსაც პატიმრები წლების განმავლობაში ღებულობენ და მეორე არის იმედგაცრუება, რადგან ეს პატიმრებიც და საზოგადოებაც ელოდა, რომ ისინი იპოვიდნენ სამართალს“, - თქვა ნანა კაკაბაძემ „კურიერში“.