-
2014-09-20 21:36
„არასდროს ასე დახურული არ ყოფილა სასჯელარსრულების სისტემა, როგორც ახლანდელი დეპარტამენტის უფროსის, გახარიას დროსაა. ეს არის აბსოლუტურად მიუწვდომელი პიროვნება“, - ამის შესახებ „კურიერში“ უფლებადამცველმა ნანა კაკაბაძემ განაცხადა.
მისი განცხადებით, არსებობს უამრავი სამართალდარღვევის ფაქტი, რომელთა გადამოწმება ვერ ხდება და დარღვევებიდან ბევრი ვერ აღწევს უფლებათადამცველებამდე.
„ამის მიზეზი არის ის, რომ პატიმრები ვერ ბედავენ ამაზე ხმამაღლა ჩივილს, რადგან არსებობს მიდგომა, რომ სისტემაში არსებული პრობლემები გარეთ არ უნდა გავიდეს, რომ ე.წ. პალაჟენია არ გაფუჭდეს“, - ამბობს ნანა კაკაბაძე და კორუფციის კონკრეტულ, მის ხელთ არსებულ ფაქტებზე საუბრობს:
მისი თქმით, პატიმრების პლასტიკური ბარათებიდან იხსნება თანხა მათი ხელმოწერის გარეშე: „ერთი ასეთი ადამიანი ახლაც ელოდება ჩემთან შეხვედრას. ამას გარდა, უკვე თითქმის გაოფიციალურებულია, რომ ადამიანი, რომელიც ემსახურება პატიმრების მიერ განხორციელებულ ამ შესყიდვებს, ეს თანამშრომელი იტოვებს ყოველი 25 ლარიდან ერთ კოლოფ სიგარეტს და ამის გარდა, ის ახერხებს ამ ბარათებიდან მოხსნას თანხა პატიმრების ნებართვის გარეშე“.
ნანა კაკაბაძის თქმით, საჭიროა მეტი გამჭვირვალობა, რათა ეს და სხვა მსგავსი ფაქტები აღმოიფხვრას.