
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ აშშ-ში პრემიერმინისტრის ვიზიტის წინ, სააკაშვილის ქონების დაყადაღებით პროკურატურამ მაინცდამაინც კარგი ფონი არ შექმნა. "ეს პოლიტიკურად რთულია", - განაცხადა მარგველაშვილმა "რეაქციაში".
პრეზიდენტის თქმით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას ის გულისყურით გაეცნო:
"განცხადებას გულისყურით გავეცანი, რადგან ის მნიშვნელოვანია - რადგან ჩემი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანი მნიშვნელოვან წილად შეერთებული შტატების დახმარებაზეა დამოკიდებული. ერთ კვირაში პრემიერი ღარიბაშვილი მიდის აშშ-ში. დღეს ხდება ქონების დაყადაღება.
პოლიტიკურად ეს რთულად ჩანს. პროკურატურის კომპეტენციაში არ ვერევი, მაგრამ საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით ბატონ ირაკლის არ შეუქმნეს მაინცდამაინც კარგი ფონი. იმედი მაქვს ეს პრობლემა არ იქნება და ჩვენ შევძლებთ, წინ გადავდგათ ნაბიჯი“, - ამბობს გიორგი მარგველაშვილი.