საპარლამენტო უმცირესობის წევრი ნუგზარ წიკლაური არ გამორიცხავს, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის გამო შემოდგომამ და გაზაფხულმა მანიფესტაციებისა და დემონსტრაციების ფონზე ჩაიაროს.
ამის შესახებ პარლამენტის წევრმა „ფორ.ჯი“-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, როცა შესაბამისი პოლიტიკური პირობები იქნება და „ნაციონალური მოძრაობა“ ახალ საფეხურზე გადავა, მას მიხეილ სააკაშვილი ისევ შეუერთდება.
„ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია, როცა ასეთი დაპირსპირებაა პრეზიდენტსა და მთავრობას შორის. მძიმე პოლიტიკური კრიზის პირობებში, არ გამოვრიცხავ, რომ ქვეყანაში გამოსვლები გაცილებით ადრე დაიწყოს, ვიდრე 2016 წლის არჩევნებამდე. ამ გამოსვლების ავანგარდში კი, „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება.
ვფიქრობ, რომ ამ წლის შემოდგომა და მომავალი წლის გაზაფხული აღნიშნული იქნება სწორედ დიდი ქუჩის მანიფესტაციებითა და დემონსტრაციებით. ხელისუფლებამ არ მოისურვა, რომ ოპოზიციას დალაპარაკებოდა და რაიმე სახის დიალოგი ყოფილიყო. კოაბიტაციას იყენებდნენ როგორც დასაძრახ სიტყვას.
როდესაც განსხვავებული აზრის გაგონება არ გინდა, ამბობ, რომ პროკურატურასთან რიგები არ შეწყდება თუ „ნაციონალური მოძრაობა“ რიტორიკას არ შეცვლის, ოპოზიციას საკმარისს მექანიზმებს არ უტოვებ, რომ ცივილიზებული ჭიდილი გაიმართოს, ოპოზიციას ძალა აქვს, კონსტიტუციურ, ლეგიტიმურ ხერხებს მიმართოს, რაშიც აქციები მოიაზრება“.
„თუ ვინმეს ჰგონია, რომ ბრალდებების შიშით ყოფილი პრეზიდენტი იზოლირებული იქნება, ეს კომიკურია. როცა შესაბამისი პოლიტიკური პირობები იქნება და „ნაციონალური მოძრაობა“ ახალ საფეხურზე გადავა, ამ მოძრაობას სააკაშვილი შეურთდება“.
„რამდენიმე თვეში კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ ყოფნა ყველა პარტიისთვის მძიმე დაღი გახდება. დარწმუნებული ვარ, ისეთი გამოცდილი პოლიტიკური ძალები როგორიც არიან - „თავისუფალი-დემოკრატები“ და „რესპუბლიკელები“ აცნობიერებენ, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით, „ქართულ ოცნებასთან“ დიდხანს ყოფნა მათ დიდი პრობლემებს შეუქმნის და შემდეგ არჩევნებზე მათი შედეგები შემცირდება“, - ამბობს დეპუტატი ინტერვიუში.