-
2014-09-10 05:44
„სამართალდამცველთა ლიგის“ წარმომადგენელმა ირაკლი ფიცხალავამ „არჩევანში“ საუბრის დროს განაცხადა, რომ პოლიციისთვის ნასროლი ნებისმიერი ქვა დღეს კრიმინალს აძლიერებს.
მან უახლოესი წარსულიც გაიხსენა:
„ჩვენ ახლა ვხედავთ საფრთხეს, რომ შესაძლოა, განმეორდეს ისეთივე მოვლენები, რაც ხდებოდა დაახლოებით 2008 წლიდან, როცა დაიწყო პოლიციის დისკრედიტაცია და მაშინდელმა პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ პრეზიდენტის სახით მიიღო გადაწყვეტილება, პოლიციური კადრები სპეცსამსახურის თანამშრომლებით ჩაენაცვლებინა.
ამ ყველაფერს მაშინ, როგორც ჩვენ ვიცით, ეწინააღმდეგებოდა ვანო მერაბიშვილი, მაგრამ ასეთი იყო პოლიტიკური ნება და ეს ადამიანები ჩანაცვლდნენ სპეცსამსახურის კადრებით.
ამ ადამიანებმა დაამყარეს მაშინ ტოტალური კონტროლი შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულ მუშაობაზე, ამან კი გამოიწვია დიდი შეცდომები. პოლიცია გადაიქცა პოლიტიზირებულ მონსტრად და შედეგი დადგა ის, რომ იმ ადამიანებიდან ზოგი მოწმეებადაა წარმოდგენილი, ზოგი გაქცეულია, ზოგი კი ისევ მუშაობს სისტემაში.
ზუსტად ამის ანალოგს ვხედავთ ახლაც. დღეს, როცა შსს და პირადად მინისტრის გუნდი, მცირე გამონაკლისის გარდა, მთლიანად არის დაკომპლექტებული იმ პროფესიონალი პოლიციელებით, რომლებიც მუშაობდნენ 2004-2006 წლებში, როცა მოხდა კრიმინალის წელში გადატეხვა, ჩვენ ვენდობით ამ გუნდს და გვინდა, რომ მათ თავი გაართვან მათ წინაშე მდგარ ამოცანას.
წარმოგიდგენიათ? კიდევ უნდა ველოდოთ 7-8 ათას მძიმე შემთხვევას, რადგან ის ადამიანები არიან გარეთ, ვინც მაშინაც იყვნენ გარეთ. ამას სჭირდება პოლიციის გამართული მუშაობა და მინდა პოლიტიკოსებს ვუთხრა, რომ ნებისმიერი ქვა დღეს, რომელიც გადაგდებული იქნება პოლიციელების მისამართით, აძლიერებს დამნაშავეთა სამყაროს.
და მინდა მოვუწოდო მოსახლეობასა და პოლიტიკოსებს, რომ თანადგომა გამოუცხადონ პოლიციელებს“, - განაცხადა ირაკლი ფირცხალავამ.