-
2014-05-27 23:28
კინომცოდნე გოგი გვახარია „რადიო „თავისუფლების“ ვებ-გვერდზე ბლოგ-ტექსტს „სამართლიანობის აღდგენა სერვანტესის, ვოლტერის, ვაჟას წიგნებზე“ აქვეყნებს და 27 მაისს „ლიტერატურულ კაფეში“ მომხდარ თავდასხმას ეხმიანება.
შეგახსენებთ, რომ „ლიტერატურულ კაფეში“ ზურაბ ჭიაბერაშვილს თავი გაუტეხეს, ხოლო ნოდარ ლადარიას სახეში ცხელი ჩაი შეასხეს. მომხდარიდან ცოტა ხანში გახდა ცნობილი, რომ თავდამსხმელები რეზო თაბუკაშვილი და გიორგი მგელაძე იყვნენ.
გოგი გვახარია ბლოგტექსტში წერს, რომ დღეს პოპულარული ფრაზა „სამართლიანობის აღდგენა“ პირველად ორი წლის წინ მოისმინა, როცა სამეგრელოში, 90-იანი წლების სამოქალაქო დაპირისპირების დროს „მხედრიონისგან“ აწიოკებული სოფლების მოსახლეობას გადაცემის მოსამზადებლად ჩასული შეხვდა:
„თითქოს ყველაფერი ვიცოდი “მხედრიონის” შესახებ, მაგრამ სამეგრელოს პატარა სოფლის მცხოვრებლებთან ხანმოკლე გასაუბრებამაც კი, მგონი, თვისებრივად გადაატრიალა ჩემი ცხოვრება. ამდენი სასოწარკვეთილი, უიმედო ხალხი ერთად არ მინახავს. გვიყვებოდნენ რაღაცებს, ტიროდნენ და ასე ამთავრებდნენ “ჩვენ არ გვჯერა უკვე, რომ სამართლიანობა ოდესმე აღდგება”. წინა საღამოს მაია ასათიანის შოუში დოდო გუგეშაშვილი იხილეს - მღეროდა ქალბატონი დოდო და ესენი ქვითინებდნენ. ეგ გადაცემა, როგორც გვითხრეს, უკანასკნელი ილუზიის მსხვრევა იყო, მანამდე კიდევ სჯეროდათ, რომ სააკაშვილის ხელისუფლება ოდესმე დასჯიდა დამნაშავეებს“, - წერს გოგი გვახარია.
მისი თქმით, 27 მაისს მომხდარი ძალადობა წიგნების ფონზე ძალადობაა:
„ის, რაც მოხდა ლიტერატურულ კაფეში 27 მაისს მრავალმხრივაა სიმბოლური. ძალადობა წიგნების ფონზე, ძალადობა სერვანტესის, ვოლტერის, ვაჟას წიგნების ფონზე! ძალადობა, რომელსაც საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი აყოლებს ამ ჯადოსნურ სიტყვას “მაგრამ”... ხომ გახსოვთ? “ძალადობას ვგმობთ, მაგრამ დემოკრატია ლობიოობა ხომ არ გგონიათ?”, “ძალადობას ვგმობთ, მაგრამ ამ ხალხის აგრესიას როგორ შევაჩერებთ?”...
საქართველოში კიდევ კარგა ხანი არ გასამართლდება “მხედრიონიზმი” და არ აღდგება სამართლიანობა. ეს მოხდება მაშინ, როცა ყოველი ჩვენგანი გაიხსენებს, რას აკეთებდა იმ დროს, როცა ამ გამართლებით - “მაგრამ” - ქვეყანაში სრულიად უდანაშაულო ადამიანებს ხოცავდნენ.
არ მოხდა ეს სააკაშვილის მმართველობის დროს, რადგან მაშინ ნაცმოძრაობას თავისივე გუნდის წევრებისთვის უნდა მოეთხოვა პასუხი. არ მოხდება დღეს, რადგან ყოფილი “მხედრიონელები”, მათი ახლობლები, “მწერლები”, “კინორეჟისორები”, “მხატვრები” ხელისუფლებაში გვყავს, არ მოხდება იმიტომ, რომ “მხედრიონიზმით” გაიჟღინთა ცხოვრების ყველა სფერო, - პარლამენტით დაწყებული - ეკლესიამდე.
ამიტომ ნუ გიკვირთ ილიას უნივერსიტეტის პროფესორს რომ საგანგებოდ ადუღებულ ჩაის ასხამენ სახეში “მომხედრიონო ხელოვანები”. ჩაი კი არა, აგერ ქალებს ხოცავენ თითქმის ყოველდღე, რადგან ადამიანის სიცოცხლე და ღირსება ისევ არაფრად ფასობს ამ ქვეყანაში.
ბასილ კობახიძე კი საქართველოდან წავიდა. აქ მისი ადგილი არაა. არც მისი და არც იმ პლაკატის: “სისტემა უნდა დაინგრეს!”, - ასე სრულდება გოგი გვახარიას ბლოგი.