საპარლამენტო უმცირესობისა წევრის გოგა ხაჩიძის განცხადებით, დღევანდელი ხელისუფლება სირაქლემის პოზიციაში იმყოფება, თუმცა მათ ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით ფაქტები საკმაოდ ბევრი აქვთ.
ხაჩიძემ პლენარულ სესიაზე უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ხელისუფლება მოსმენების თემას არასერიოზულად აღიქვამს.
დეპუტატმა თავისი გამოსვლის დროს მოსმენებთან დაკავშირებით მის მიერ ჩატარებული ექსპერიმენტიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ დროებითი საგამოძიებო კომისია არის შესაქმნელი. დეპუტატმა ოპონენტ კოლეგებს აქვე მოუწოდა, ყველაფერს თავისი სახელი დაარქვან.
„დილის 06:00 საათზე ჩემი მშობლების ოჯახში შევარდნენ და თოფი წაიღეს. თქვენს ჰაკიმ ფაშას იქნებ უთხრათ, რომ ეს თოფი მაინც დამიბრუნონ, კომპენსირებულად რომ ვიგრძნო თავი. მეტი რა სერიოზულ საკითხებზე გინდათ გესაუბროთ? დეპუტატებს უსმენენ, თქვენს თავმჯდომარეს უსმენენ. რა ექსპერიმენტი მოვიგონო კიდევ, რომ არ მიმითითოთ თეატრალური სცენისკენ. ამ დროს ნუკრი ქანთარია რეჟისორული ტონით გვარიგებს ჭკუას. თუ მოვუსმენთ მას, ჩვენი რეიტინგი დაბალია.
საინტერესოა რა რეიტინგი აქვს მას თვითონ. ნუ მოიტყუებთ თავს და ყველაფერს თავისი სახელი დაარქვით. რა უნდა გამოიძიოს ჭიკაიძემ, რისი გამომძიებელია ის. მან თემად აქცია თითქოს ,,ნაციონალები” საბურავებს აგროვებენ და ეს სრული სისულელეა.
ასაკით კი არის პატარა, მაგრამ ტანით დიდია და ასეთ სისულელეებს როგორ ამბობს?. რა მოსმენები უნდა გამოიძიოს ჭიკაიძემ, როცა ის პარლამენტს ვერ აგნებს? ვიცი, საბოლოოდ იტყვიან, რომ ,,ნაციონალები” გვისმენენ. არ გეშინიათ, რომ ერთ დღეს დავწეროთ განცხადება და საერთოდ გაგათავისუფლოთ?”-განაცხადა ხაჩიძემ.
news.ge