-
2014-05-11 15:52
„თავისუფლების ინსტიტუტის“ ერთერთი დამაარსებელი საქართველოში, ექსპერტი ლევან რამიშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ სხვადასხვა განხილვის დროს დაწერილ კომენტარებში გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას „რუსთავი-2“-ის მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით.
მისი თქმით, მსგავსი სკანდალური საქმეები არასდროს იწვევს მყისიერ რეაგირებას მოკლე ხანში, რადგან „ასეთი საქმეები ყველგან და ყოველთვის მხოლოდ საზოგადოების მცირე ნაწილს აღელვებს“.
ლევან რამიშვილი ეხმიანება მოსაზრებასაც, რომელიც, შესაძლოა, ოპონენტებმა სპეცსამსახურების გასამართლებლად გამოიყენონ: რომ გიგა ბოკერია და გიგი უგულავა ეჭვმიტანილები იყვნენ და მათი მოსმენა კანონიერი იყო:
„ბოკერია არც ახლაა და არც აქამდე არ ყოფილა ბრალდებული, შესაბამისად მისი არც მოსმენის და არც თვალთვალის საფუძვლად ვერ გამოდგება საქმე, სადაც ის მოწმის სახით დაიკითხა.
ამას გარდა, კანონი ავალდებულებს სამართალდამცველებს დაუყოვნებლივ გაანადგურონ ნებისმიერი ჩანაწერი, რომელიც სასამართლოს მიერ გაცემული სანქციის ფარგლებს ცდება და არც სხვა დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
ანუ, თუნდაც რომ ბრალდებული ყოფილიყო და მოსმენის კანონიერი საფუძველი ჰქონოდათ, ეს ჩანაწერი მაინც დაუყოვნებლივ უნდა გაენადგურებინათ“.
„ასეთი საქმეები ყველგან და ყოველთვის მხოლოდ საზოგადოების მცირე ნაწილს აღელვებს. ტელევიზიის საქმე ინფორმაციის მოძიება და გამოქვეყნებაა. დანაშაულებრივი საქმიანობის მტკიცებულება დაიდო. რა პოლიტიკური შედეგები მოჰყვება ამას, ეს უკვე ტელევიზიის საქმე აღარაა“
„არჩევნების ბედს მერყევი ამომრჩეველი წყვეტს. მერყევი ამომრჩეველის პრიორიტეტთა ათეულში პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცულობა არ შედის.
ამ საკითხის გამო რაიმე საკითხზე ხვალვე ის აზრს არ შეიცვლის. მაგრამ ასეთ სკანდალებს საშუალო და გრძელვადიანი ეფექტი აქვს და ნელ ნელა ლეგიტიმურობის ეროზიას იწვევს.
სწორედ ამ პროცესს უწყობს ხელს მომხდარი, თანაც არა იმდენად ის, რაც „რუსთავი-2“-ის ეთერში გავიდა, არამედ ამაზე ხელისუფლების რეაქცია“.
ეროზიას თავად ხელისუფლების მოქმედებები იწვევს ყოველთვის. ოპოზიციის გააზრებული მოქმედება თუ იქნება, განხიბლული ამომრჩეველი მისკენ შეიძლება შებრუნდეს. თუ არადა, გაღრმავდება პოლიტიკური სტაგნაცია.
ჩვენს შემთხვევაში უფრო მოსალოდნელი სწორედ ეს შედეგია, ყოველ შემთხვევაში, მოკლევადიან პერსპექტივაში“, - წერს ლევან რამიშვილი.