-
2015-12-04 18:58
საქართველოში თურქეთის ელჩი ზექი ლევენთ გუმრუქჩუ აცხადებს, რომ გაოცებულია თითქოსდა თურქეთთან აჭარის შასაძლო შეერთებაზე გაჩენილი ხმებით და მიიჩნევს, რომ ეს პროვოკაციაა, რადგან თურქეთის 10-დან 9 მოქალაქე საქართველოს ერთიანობას აღიარებს და ამ ქვეყანას ისტორიულ პარტნიორად მიიჩნევს.
ეს განცხადებები საქართველოში თურქეთის ელჩმა „მაესტროს ფაქტორში“ გააკეთა და დაამატა, რომ ამგვარი ხმების გაჩენის მიზეზი ან უცოდინარობაა, ან პროვოკაცია:
„მეუბნებიან, როდის შეუერთდება აჭარა თურქეთს. არ ვიცი, ასეთი რამ არ მოხდება. საიდან მოდის საერთოდ ასეთი იდეები? – ალბათ, უცოდინრობის გამო ან გარკვეული პროვოკაციებიდან გამომდინარე. მინდა დაგარწმუნოთ, რომ მსგავსი რამ არ ხდება,”;
„ბოლო 25 წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც საქართველო გახდა დამოუკიდებელი, ჩვენ არაერთგზის ვაჩვენეთ საქართველოს და დავუმტკიცეთ, რომ თურქეთი ყოველთვის მხარს უჭერს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ძალისხმევას დაიცვას თავისი ტერიტორიული მთლიანობა, სტაბილურობა და უსაფრთხოება”.
ელჩის თქმით, საქართველოს მთლიანობა ისეთივე მნიშვნელოვანია თურქეთისთვის, როგორც – თურქეთის ერთიანობა.
ზექ ლევენთ გუმრუქჩუს თქმით, თურქეთის 10-დან 9 მოქალაქე აღიარებს საქართველოს ისტორიულ პარტნიორად.
“გამომდინარე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობიდან, რომელიც სცდება სწორედ მხოლოდ სავაჭრო პარტნიორობას და ასევე, სხვა პროექტებზე, რომელიც არის თბილისი-ყარსის და ბაქო-ჯეიჰანის პროექტები, არა მგონია, რომ არსებობდეს თურქეთში ვინმე, ვინც ამის წინააღმდეგ გამოვა და იტყვის, რომ საქართველოს გარკვეული ტერიტორია შეიძლება ეკუთვნოდეს თურქეთს და ის ნდობა, რომელიც ჩვენ განვავრცეთ და გვაქვს ჩვენს ქვეყნებს შორის, არა მხოლოდ უვიზო რეჟიმი გვაქვს, პასპორტიც კი არ სჭირდება საზღვრის გადაკვეთას.
ყოველ წელს 6 მილიონი საქართველოს მოქალაქე კვეთს თურქეთის საზღვარს. თურქეთს არ აქვს არანაირი ამბიცია არც დომინაციის, არც არანაირი სხვა ამბიცია. ჩვენ პატივს ვცემთ ტერიტორიულ მთლიანობას და გვინდა, რომ საქართველო იყოს სტაბილური, ასევე, მხარს ვუჭერთ საქართველოს ნატოში ინტეგრაციას და ამას ვაკეთებთ სხვადასხვა ფორმატში 24 საათის რეჟიმში, რათა სწორედ ვარშავის მინისტერიალზე დაფიქსირდეს. ამას მხოლოდ საქართველოსთან კარგი ურთიერთობის გამო კი არ ვაკეთებთ, არამედ ვფიქრობთ, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება იქნება თურქეთისთვის მომგებიანი”, – განაცხადა თურქეთის ელჩმა.
„ნეტგაზეთის“ მიხედვით