
რესპუბლიკური პარტიის ერთერთი სახე დავით ზურაბიშვილი, ეხება რა პაატა ზაქარეიშვილის მიერ "ფედერალური მოწყობის" ხედვას, "პოლიტკომერსანტთან" საუბარში ამბობს, რომ მინისტრი ასიმეტრიული ფედერალიზმის მომხრეა, მაგრამ ეს მისი პირადი შეხედულებაა და არაფერი აქვს საერთო კოალიციასთან.
„ზაქარეიშვილი ასიმეტრიული ფედერალიზმის მომხრეა. რაც საქართველოს სახელმწიფოებრიობის ფარგლებში აფხაზეთის, ცხინვალისა და სხვა რეგიონების შემოსვლას გულისხმობს. როგორც ფედერაციის სუბიექტის ნაწილს, ერთს შედარებით მეტი უფლებები შეიძლება ჰქონდეს, ხოლო მეორეს ნაკლები.
შესაძლოა, ვიღაცას ეს იდეა არ მოსწონს, მაგრამ ეს წყობა სეპარატიზმის წაქეზებას არ გულისხმობს. თუმცა, აფხაზი და ოსი სეპარატისტები ამ ვარიანტის კატეგორიული წინააღდეგნი არიან... სხვათაშორის, 90-იან წლებში მსგავსი ტიპის პროექტი „რესპუბლიკურ პარტიასაც" ჰქონდა, თუმცა, არ გამოვიდა.
სააკაშვილის მმართველობის პერიოდშიც მსგავსი კონცეფცია შემუშავდა, მაგრამ სააკაშვილმა არ მოიწონა. რეალურად, ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას. პაატა ზაქარეიშვილმა თავისი აზრი გამოთქვა, მაგრამ მასში ანტისახელმწიფოებრივი მიდგომა არ არის", - აღნიშნა ზურაბიშვილმა.