
"ტაბულლის" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ტელეწამყვანი თამარ ჩერგოლეიშვილი ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან გუშინ სპონტანურად გამართულ აქციას ეხმიანება და წერს, რომ პოლიციელთა მსგავსი მობილიზაცია აღლუმის გარდა, არსად ახსენდება.
"გუშინ სასამართლოდან გამოვედი და მეგობართან წავედი.
რუსთაველზე ჩამიქროლა ერთმა, მეორე, მესამე... მეხუთე... მეშვიდე პოლიციის მანქანამ.
ვიფიქრე, ბანკს ძარცვავენ სადმე, ან მკვლელობა მოხდა.
ლეონიძეზე შევუხვიე და იქ ისეთი ღრიალით შემოვარდა დამატებით პოლიციის 20 მანქანა, მივხვდი რაშიც იყო საქმე.
ძარცვა, ყაჩაღობა, მკვლელობაზე შინაგან საქმეთა მინისტრი ასე არ აღელდებოდა, გამახსენდა რომ სპონტანურ აქციას აპირებდა ადამიანების ჯგუფი სოლოლაკის ბიზნესცენტრთან.
მარტო ვიყავი, არსად მეჩქარებოდა და გავყევი პოლიციის მანქანებს.
დავითაშვილზე ავედი, საოცარი სანახაობა დამხვდა - გადაჭედილი ქუჩა პოლიციის მანქანებით. მსგავსი მობილიზება საერთოდ არ მინახავს, არასდროს - პოლიციის აღლუმს თუ არ ჩავთლით.
დავითაშვილიდან კოლბამდე მთელი ქუჩა ლურჯ-წითლად ციმციმებდა.
მივედი ქუჩის ბოლომდე, იქვე დავტოვე მანქანა და ფეხით ავედი კოლბასთან.
150 კაცი იყო სულ.
ჰოდა, რამდენიმე ათასი რომ ავა იქ, ჯარს გამოიყვანენ.
არ ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენი ქვეყნის იქნება ის ჯარი..."