-
2015-09-19 02:17
მწერალი ქეთი ტოროტაძე "ფეისბუქზე" ეხმიანება გიგი უგულავას ხელახლა დაპატიმრების გარემოებებს და ამ საკითხის ადამიანურ ფაქტორზე ამახვილებს ყურადღებას.
"პოლიტიკა იქით იყოს და შემძრა ადამიანების არაადამიანობამ. კადრებს ვუყურე, განაჩენის გამოცხადებისწინა კადრებს, კონკრეტულად კი გიგი უგულავას და მის პატარა გოგოს ვადევნებდი თვალს განსაკუთრებული ყურადღებით, და 37 წელი გამახსენდა, რომელსაც, გასაგები მიზეზების გამო, პირადად არ მოვსწრებივარ. მაგრამ ხომ არსებობს ისტორიული თუ გენეტიკური მეხსიერებაც. თან პარალელისთვის საქართველოს რეალობის გარეთ გასვლა არ მინდა.
ადამიანებო, პატარა გოგონას რომ ამას მოუწყობთ, ამ სასტიკ სცენას, რომელიც მას მთელი ცხოვრება გაჰყვება იარად (მის მამაზე აღარაფერს ვამბობ), თქვენ მორწმუნეებად და ქრისტიანებად მიიჩნევთ თავს და ყველა ეკლესიასთან პირჯვარს იწერთ, არა? დარწმუნებული ვარ, რომ კი. თქვენ, ქართველები, სხვა ქართველებს რომ ასეთ სატანჯველს მოუვლენთ, მტრისგან რას უნდა ელოდოთ?
თქვენ ხართ უბადრუკი, საცოდავი ლუმპენები და ლუზერები, სასტიკები და დაუნდობლები, რომელთა ერთადერთი სასიცოცხლო წყარო სხვისი უბედურებაა. თქვენი საზრდო თქვენზე მაღლა მდგომის (სულიერად თუ მატერიალურად) უბედურებით ტკობაა.
თქვენ, ლუმპენები და ლუზერები, საკუთარ წარუმატებლობას სხვებს აბრალებთ, სხვაგან ეძებთ დამნაშავეს და ამიტომ ხარობთ სხვისი ტკივილით. და ვერც კი გრძნობთ, რა საცოდავი არარაობები ხართ. თუმცა სადიზმი ფსიქიკის სერიოზული პრობლემაა და რომელმა გიჟმა იცის, რომ გიჟია?", - წერს ქეთი ტოროტაძე "ფეისბუქზე".
"რუსთავი-2"-ის ფოტოები

