
ირინა სარიშვილი ნებისმიერ პოლიტიკურ პლატფორმაზე მდგარ მოქალაქეებს მოუწოდებს, ერთად დადგნენ და იხსნან ქვეყანა იმ ბოროტებისგან, რასაც ბიძინა ივანიშვილის მმართველობა ჰქვია. სტატუსი ირინა სარიშვილმა მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც გიგი უგულავა ხელმეორედ დააპატიმრეს.
"რაც მოსალოდნელი იყო, ის მოხდა: აქამდე ვხუმრობდით, ვშაყირობდით, მაგრამ ეხლა უკვე ხუმრობის გარეშე შეიძლება ითქვას – ამ გადაწყვეტილებით ხელისუფლებამ სამარე გაითხარა და ეხლა უკვე ოპოზიციაზეა დამოკიდებული, ეს სამარე ქვეყნისთვისაც არ აღმოჩნდეს გათხრილი.
ნებისმიერი წინააღმდეგობა საერთაშორისო სამართალთან – ეს არის გზა იზოლაციისკენ ცივილიზებული სამყაროსგან, როცა შენს მოკავშირედ მხოლოდ რუსეთი და რამდენიმე ოდიოზური ქვეყანა რჩება.
მგრძნობიარე ნაცთმოძულეებს, რომლებსაც გული ამოუჯდებათ ახლო მომავალში რუსეთის პოზიციით , შევახსენებ, რუსეთი ანალოგიურად ცნობს და გაგებით ეკიდება აფხაზეთის და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობას.
მოგმართავთ ყველას! ნაცებს! არანაცებს! გიგი უგულავას და სხვათა მხარდამჭერებს და მათ მოწინააღმდეგეებსაც!
დავდგეთ საკუთარ ემოციებზე მაღლა და არ დავუშვთ საქართველოს რუსეთის კოლონიად გაფორმება!
ვისაც გვძულს, დავძლიოთ სიძულვილი!
ვისაც შეგვიძლია ხელის განძრევა და თბილად ვართ ოფისებში მოკალათებული, გამოვიდეთ სათბურებიდან!
გავუწოდოთ ერთმანეთს ხელი, გადავდგათ ერთმანეთისკენ ნაბიჯი და ვიხსნათ ჩვენი ქვეყანა ამ ბოროტებისგან, რასაც ბიძინა ივანიშვილის მმართველობა ჰქვია!
წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ვკარგავთ გამოსავალს, რომელიც წინ გვიდევს და ნაცვლად ცივილიზებულ სამყაროსთან გაერთიანების, წყვდიადისკენ მივექანებით, საიდანაც მხოლოდ ერთი გამოსავალია – აეროპორტი!
დრო ძალიან ცოტაა!..", - წერს ირინა სარიშვილი.