
რუსეთის ფსბ-მ ორი პოლიტპატიმარი აიძულა, ჩვენებაში დაეწერათ, რომ უკრაინის პრემიერმინისტრი არსენ იაცენუკი ჩეჩნეთის ომში რუს ჯარისკაცებს ხოცავდა.
შეგახსენებთ, ამის შესახებ განცხადება რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა სერგეი ბასტირკინმა გააკეთა. მისი თქმით, არსენ იაცენულკი სადამსჯელო რაზმ „არგოში“, ხოლო შემდეგ „ვიკინგში“ ირიცხებოდა.
პოლიტპატიმრების იძულებითი ჩვენების შესახებ „ფეისბუქზე“ „ჟურნალისტურ გამოძიებათა ცენტრის“წარმომადგენელმა ვალენტინა სამარმა დაწერა. მან ვინაობაც დაასახელა: ჟურნალისტის თქმით, ბასტირკინის განცხადება ნიკოლოზ კარპიუკისა და სტანისლავ კიხის ჩვენებს ეყრდნობოდა, რომლებიც პიატიგორსკში ჰყავთ დაკავებული და მალე ჩეჩნეთში გაასამართლებენ.
სამარმა ასევე აღნიშნა, რომ ოლეგ სენცოვსაც აწამებდნენ, რათა მას „მაიდნის“ ლიდერების წინააღმდეგ ჩვენება მიეცა. მან თავად განაცხადა, რომ ჩვენების მიცემის შემთხვევაში 7 წლით დააპატიმრებდნენ, ხოლო თუ ჩვენებას არ მისცემდა - 20 წლით.
„მაგრამ ოლეგი არ გატყდა, თუმცა, მიზანი მიღწეულია. ახლა იქნება კიდევ ერთი სასამართლო ფარსი, მერე კი შესაძლოა, ჩვენებები გაჩნდეს ტურჩინოვის, პოროშენკოს და მაიდნის სხვა ლიდერების წინააღმდეგაც“, - წერს ჟურნალისტი.
„სასაცილოდ ნამდვილად არაა საქმე: საკითხი ეხება იმას, რომ უკრაინელ პოლიტპატიმრებს რუსეთში აწამებენ, ხოლო სამშობლო არაფერს აკეთებს მათ დასაცავადა“, - წერს სამარი.
ბრალდებასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა არსენ იაცენუკმა, რომელიც პოლონეთში იმყოფება:
„ეს არის რუსეთის ხელისუფლების კლინიკური დიაგნოზი. სტალინის მართლმსაჯულება, დაფუძნებული გებელსის პროპაგანდაზე, დამტკიცებული და ხელმოწერილია პუტინის მიერ“, - თქვა მან.