-
2015-07-28 15:54
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა აცხადებს, რომ სამი უდიდესი სკოლა აქვს გავლილი და მისი შეშინება გაუჭირდებათ. "უდიდეს სკოლებს" შორის მან ზუგდიდის მე-4 საშუალო სკოლა, ავღანეთი და 1990-იანების მოსკოვი დაასახელა.
ეს განცხადება ზვიად სიჭინავამ ვიცეპრემიერ კახა კალაძის საპასუხოდ გააკეთა, რომელმაც "პრაიმტაიმთან" საუბარში განაცხადა, რომ ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებში სახელმწიფო უნდა ჩაერიოს და ჩაურევლობა დანაშაული იქნება. ენერგეტიკის მინისტრი ფიქრობს, რომ აუცილებელია შეიცვალოს ფედერაციის ხელმძღვანელობა, რათა ქართული ფეხბურთი ჭაობიდან ამოვიდეს და ახალი ხელმძღვანელობის ძალისხმევით უფრო განვითარდეს.
„კახა კალაძემ აღიარა ის, რომ ვანო მერაბიშვილი, სააკაშვილი თუ სხვები, რომლებიც ერეოდნენ, რაზეც იყო ლაპარაკი, მაგას ადასტურებენ, რომ უნდა ჩაერიონ. თუ სააკაშვილი უჭერდა, მერაბიშვილი უჭერდა და ის არ იყო პრობლემა და მიესალმება ჩვენი მთავრობა მაგათ პროცესს, მე ვთვლი რომ უნდა გააგრძელონ ის არჩეული გზა.
მაქვს სამი უდიდესი სკოლა გავლილი: მეოთხე საშუალო სკოლა ზუგდიდის, ავღანეთი და 90-ანები მოსკოვი.
ამიტომ მგონია რომ ჩემი შეშინება ცოტა გაუჭირდებათ, იმიტომ რომ არც ციხის მეშინია, არც დიდი თანამდებობის. ჯერ არ დავუბარებივართ, ალბათ ელოდებიან 11 აგვისტოს და შეიძლება მერე დამიბარონ“,- ამბობს ზვიად სიჭინავა.
ზუგდიდის მე-4 საშუალო სკოლა ქალაქის ცენტრში, თეატრის გვერდით მდებარეობს და ოდითგანვე ითვლებოდა ერთერთ საუკეთესო სკოლად ქალაქში. სკოლაში ქართული და რუსული სექტორის სასწავლო პროცესი ტარდებოდა. სკოლა განსაკუთრებით გამოირჩეოდა სპორტული მიღწევებით.