
რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ნოდარ ჯავახიშვილის შეფასებით, მოწყვეტილი მთის მასას მდინარე ვერე რომ არ გადაეკეტა, წყალდიდობა ასეთ დიდ ზიანს არ გამოიწვევდა.
ამასთან, მინისტრის თქმით, იქ სადაც მთა მოწყდა, სამხრეთ დასავლეთ მხარეს, დარჩენილია დიდი მოცულობის მიწა და ტყე, რაც გარკვეულ საშიშროებას ქმნის. ჯავახიშვილის განცხადებით, ადგილს გეოლოგები აკვირდებიან.
"მოთხრილია მთელი მთა. ეს უზარმაზარი, წყლით გაჟღენთილი მიწა და უზარმაზარი რაოდენობის ხეები ჩაიტანა ვერეში, გადაკეტა ვერე. ამან ძალიან სერიოზული მოცულობის წყლის დაგროვება გამოიწვია, შემდეგ ამ წყალმა იპოვა გზა, გადახეთქა და ჩემი ღრმა რწმენით, მთავარი უბედურება ამ ტალღის დარტყმა იყო. ვერე რომ არ გადაკეტილიყო, წყალდიდობა ამხელა ზიანს არ გამოიწვევდა", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ნოდარ ჯავახიშვილმა.
"ინტერპრესნიუსი"