
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთერთი ლიდერი დავით ბაქრაძე წერს, რომ სხვადასხვა ქალაქში დაგეგმილ შეხვედრებზე დროებით უარს ამბობს, დედაქალაქში ბრუნდება და მერიას სთავაზობს, მოქალაქეთა მოხალისე ჯგუფების შექმნას. დავით ბაქრაძის თქმით, ახლა პოლიტიკური განცხადებების დრო არ არის.
შეძრწუნებული ვარ თბილისში დატრიალებული უბედურებით... ვიზიარებ თითოეული დაღუპულის ოჯახის ტრაგედიას და ვუთანაგრძნობ ოჯახის წევრებს... სტიქიის და წვიმის მეტი რა გვინახავს, მაგრამ ასეთი უბედურება ჯერ არ დატრიალებულა... ახლა არ არის პოლიტიკური განცხადებების და ბრალდებების დრო - ქალაქს და ხალხს სჭირდება პატრონი და მიმხედავი. სწორედ ამიტომ, ვაუქმებ დღეს ხალხთან დაგეგმილ შეხვედრებს ბათუმში, ასევე ვაუქმებ კიევში დაგეგმილ მივლინებას და სასწრაფოდ ვბრუნდები თბილისში.
ხელისუფლებას ვთავაზობ, შევქმნათ მოხალისეთა ჯგუფები, რომლებიც მერიასთან ერთად იმუშავებენ სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის - ამ კრიტიკულ ვითარებაში მზად ვარ, გვერდით გადავდო ყველანაირი პოლიტიკური უთანხმოება და ჩემს თანამოაზრეებთან ერთად, შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერი გავაკეთო თბილისელების დასახმარებლად", - წერს დავით ბაქრაძე.