
"სერიოზული მცოდნე ადამიანები საჯარო სამსახურში, სადაც 2000 ლარია არ ჩერდებიან", - ამის შესახებ პორტალ "კვირას" პრესკლუბში დეპუტატმა გუგული მაღრაძემ იმ ინიციატივის კომენტირებისას განაცხადა, რომლის მიხედვითაც უმაღლესი თანამდებობის პირებმა სახელფასო დანამატების პრაქტიკაზე უარი უნდა თქვან.
დეპუტატის თქმით, პროფესიონალ საჯარო მოსამსახურეს ადეკვატური პირობები უნდა ჰქონდეს, რათა კერძო სექტორში არ წავიდეს სამუშაოდ.
"მე არ მიყვარს პოპულისტური რაღაცები. მეც მივიჩნევ, რომ ვიღაცას ძალიან ბევრი არ უნდა ჰქონდეს და ასე შემდეგ, მაგრამ მეორე მხრივ, ადამიანს, რომელიც სახელმწიფო სამსახურში მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს, არ უნდა ჰქონდეს არც ცდუნება და არც გასაჭირი იმისა, რომ ხვალ და ზეგ როგორ იშოვოს ფული... მას ნორმალური შემოსავალი უნდა ჰქონდეს.
გარდა ამისა, საჯარო სამსახურიდან კადრების გადინება ხდება, იმიტომ, რომ სერიოზული მცოდნე ადამიანები საჯარო სამსახურში, სადაც 2000 ლარია არ ჩერდებიან.
საჯარო სამსახურში თუ კარგი სპეციალისტი არ გაჩერდა, მისი მიღებული გადაწყვეტილება იქნება ისეთი, რომელიც ყველას დაგვაკლდება", - განაცხადა მაღრაძემ.
კითხვაზე, 2000 ლარი დღევანდელი საქართველოს პირობებში რატომ არის ისეთი ხელფასი, რომ ვიღაც არ გაჩერდეს საჯარო სამსახურში, დეპუტატი ამბობს:
"2000 ლარი გააჩნია ვინ და რა... როცა ადამიანს აქვს ისეთი ცოდნა, რომ ვიღაც სთავაზობს 6000 ლარს მასთან მუშაობის შემთხვევაში, შეწირული უნდა იყო, რომ თქვა - არ წავალ. ჩემთან სამსახურზე ხალხი მოდის, რომელმაც არაფერი იცის და იმან 500 ლარიანი სამსახურიც რომ იშოვოს კმაყოფილი იქნება, მაგრამ არის ადამიანი, რომელმაც იმდენად ბევრი რაღაც იცის...
... ადრე ერთმა ქალმა მითხრა შევცვალოთ ადგილებიო... მე კინაღამ ვუთხარი მე კი მოვახერხებ ხაჭაპურის გაყიდვას ბოლო-ბოლო იმდენი ანგარიში ვიცი, მაგრამ რაც მე უნდა გავაკეთო... ვთქვათ, სამი ინსტიტუტი დაამთავრე, რაღაცები ისწავლე. ყველას აქვს თავისი ადგილი",- ამბობს დეპუტატი.