-
2014-05-22 12:25
"აფხაზეთის ხმისთვის" დაზარალებული ოჯახის წარმომადგენლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, ძროხისა და 130 ლიტრი თაფლის ქურდობაში თანამონაწილეობისთვის გასამართლებული გოჩა ლაშხია, რომელსაც დაზარალებული ოჯახის დიასახლისი შვილისა და ქმრის სიკვდილშიც ადანაშაულებს, კოალიცია „ქართული ოცნების“ მარტვილის რაიონის სოფელ ტალერის მაჟორიტარობის კანდიდატია.
განახლებულია: 27.05. 2014: - ამ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს თავად კანდიდატი, რომელსაც "აფხაზეთის ხმა" ესაუბრა. გოჩა ლაშხიამ შსს-ს მიერ გაცემული ცნობაც წარმოადგინა, სადაც აღნიშნულია, რომ ის ნასამართლევი არ არის. დეპუტატობის კანდიდატი მიიჩენევს, რომ "აფხაზეთის ხმის" წყაროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია მისი, როგორც დეპუტატობის კანდიდატის დისკრედიტაციის მცდელობაა და ლახავს მის საქმიან რეპუტაციას.
გოჩა ლაშხია ამბობს, რომ ნაზი ღურწკაიას გააქტიურება წინასაარჩევნოდ მიუთითებს მხოლოდ ერთ რამეზე: რომ მისი განცხადებების უკან პოლიტიკური სარჩული იმალება:
"მე გამსვლელი კანდიდატი ვარ, ყველამ იცის, რომ გამარჯვების დიდი შანსი მაქვს, ამიტომაც მიუღებელ ფორმებს მიმართავენ, რათა ჩემი რეპუტაცია ეჭვქვეშ დააყენონ. ამ ქალბატონს თავის დროზე უამრავი ინსტანცია აქვს მოვლილი, რათა ჩემი ბრალეულობა დაემტკიცებინა, მაგრამ ეს მცდელობა ყველა ინსტანციაში უშედეგოდ დასრულდა, რადგან მე უდანაშაულო ვარ", - ამბობს გოჩა ლაშხია "აფხაზეთის ხმასთან" საუბარში.
ამავე დროს, "აფხაზეთის ხმამ" დამატებით მოიპოვა დოკუმენტის ფოტოასლი, რომელიც შსს მარტვილის ქვეგანყოფილების გამომძიებლის გ. ცანავას პასუხია მეგონა ღურწკაიასადმი, რომელიც ითხოვს პასუხის გაცემას მისი ოჯახიდან პირუტყვის ქურდობის შესახებ საქმის მიმდინარეობის შესახებ.
გამომძიებლის წერილში მოხსენიებულია გოჩა ლაშხიაც. უფრო კონკრეტულად, ნათქვამია, რომ გოჩა ლაშხიას ძმამ, რომელმაც აღიარა ძროხის ქურდობა, მოპარული საქონელი დაკლა ერთერთი ადგილობრივის სახლში, გოჩა ლაშხიასა და სხვა პირების თანდასწრებით, შემდეგ კი დაკლული საქონლის ხორცი ქუთაისის ბაზარში გასაყიდად, ასევე გოჩა ლაშხიასთან და კიდევ ერთ პირთან ერთად წაიღო (ფოტოასლი თან ერთვის სტატიას).
"ძებნილი თ.დ.ლაშხია ამნისტიის მოქმედების ვადაში ნებაყოფლობით გამოცხადდა მარტვილის პოლიციაში. მან აღიარა თქვენს საცხოვრებელ სახლში პირიტყვის ქურდობის ფაქტი, კერძოდ, მისი თანამონაწილეობა პირუტყვის ქურდობაში ბ.ვ.არახამიასთან ერთად.
აღნიშნული ნაქურდალი ძროხა მან ბადრი არახამიასთან, მის ძმასთან გოჩა ლაშხიასთან, ნოვე სხულუხიასთან და ციალა ნაჭყებიასთან ერთად დაკლა სოფ.ტალერში, ნოვე სხულუხიას საცხოვრებელ სახლში, მეორე დილით მან ხორცი გასაყიდად წაიღო ქ.ქუთაისში ბადრი არახამიასთან და გოჩა ლაშხიასთან ერთად", - აღნიშნულია წერილში.
რაც შეეხება დავას ამ ორ ოჯახს შორის, პრეისტორია ასეთია:
1993 წელს, გოჩა ლაშხიას მეზობლის მეგონა ღურწკაიას ოჯახიდან, ერთი ძროხა და 130 ლიტრი თაფლი დაიკარგა. ოჯახის დიასახლისი ამბობს, რომ ქურდობაში ეჭვმიტანილები გოჩა ლაშხია და მისი ძმა, თემურ ლაშხია იყვნენ. მისივე თქმით, მათ ძროხის ქურდობა აღიარეს, ხოლო თაფლის ქურდობისთვის საქმე არ აღძრულა. გოჩა ლაშხია ქურდობაში თანამონაწილეობისთვის გასამართლდა, თუმცა მას მოგვიანებით ამნისტია შეეხო და ნასამართლეობაც მოეხსნა. ამ განცხადებების დამადასტურებელი დოკუმენტი ღურწკაიების ოჯახის დიასახლისმა ვერ წარმოადგინა.
„მაგან შეიწირა ჩემი შვილი და ქმარი“, - ამბობს დაზარალებული ოჯახის დიასახლისი ნაზი ღურწკაია. მისივე თქმით, როცა აღნიშნული საქმე სამართალდამცავებს გადასცეს, ლაშხია მათ სახლში მიუვარდა, კარები შეამტვრია და მის მძინარე შვილს, დავით ღურწკაიას თავს დაესხა.
ნაზი ღურწკაია ამბობს, რომ ლაშხიამ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ფიზიკურადაც გაუსწორდა. მოგვიანებით ლაშხიამ დაზარალებულ ოჯახს, ზარალი აუნაზღაურა და 2000 რუბლი მიუტანა, თუმცა ოჯახებს შორის კონფლიქტი გაგრძელდა.
იგი დავით ღურწკაიას ემუქრებოდა, რის გამოც დაზარალებულმა ოჯახმა, მისი შვილი, დავითი, ქვეყნიდან გაუშვა. დავით ღურწკაია რუსეთში 1997 წელს გარდაიცვალა.
ამან ოჯახებს შორის კონფლიქტი კიდევ უფრო გააღვივა, რადგან ღურწკაიების ოჯახი შვილის სიკვდილში ძმებ ლაშხიებს ადანაშაულებდა.
„ჩემს მეუღლეს გოჩა ლაშხია მოუვარდა და მკვდარ შვილზე, დავითზე აგინა. ჩემმა მეუღლემ ამდენს ვერ გაუძლო. როგორია, ჯერ შენი შვილი გააგდო სახლიდან იმის გამო, რომ ვინმემ რამე არ დაუშავოს, მაგრამ იქიდან მაინც მკვდარს მოგიტანენ... მერე კიდე მკვდარ შვილსაც შეურაცხყოფას მიაყენებენ და აგინებენ. ამას ჩემმა მეუღლემ ვერ გაუძლო და 1999 წელს მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა“, - ამბობს ნაზი ღურწკაია.
მისივე თქმით, ოჯახები ახლაც მეზობლად ცხოვრობენ და ცდილობენ ერთმანეთს მოერიდონ, თუმცა სამართალის ძიება არ შეუწყვეტია.
როგორც ნაზი ჩვენთან საუბარში ამბობს, თუ ლაშხია პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურად ჩაერთო და ეს ყველაფერი შერჩა, იუსტიციის სამინისტროსთან შიმშილობას დაიწყებს.
"მე არაფერ შუაში ვარ, ჩემი ძმა იყო ბრალდებული და ჩემს ძმას აქვს თავისი ოჯახი, მე ჩემი", - ამბობს გოჩა ლაშხია "აფხაზეთის ხმასთან" საუბარში.
შიდა ფოტოებზე: გოჩა ლაშხია; ორი ფოტოასლი შსს-ს მარტვილის ქვეგანყოფილების გამომძიებლის წერილიდან; გოჩა ლაშხიას მიერ წარმოდგენილი, შსს-ში აღებული ცნობა ნასამართლობის არქონის შესახებ.



