
ზუგდიდის რაიონის გამგებლობის კანდიდატი „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი თენგიზ გუნავა მისი მისამართით მედიასაშუალებათა ნაწილში აგორებულ ხმებს ეხმიანება და წერს, რომ „ოცნების“ მიერ სიცრუის მანქანის ამუშავების მიუხედავად, ზუგდიდში არჩევნებს მოიგებს.
შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც შსს-მ თავდაცვის სამინისტროს ყოფილი ოფიცრის პაატა ქარდავას გაუჩინარების საქმე გახსნილად გამოაცხადა, სამეგრელოში აქტუალურ რამდენიმე მედიასაშუალებაში გაჩნდა სტატიები, რომელთა თანახმადაც გაუჩინარებული ქარდავების ოჯახი შვილის დაკარგვაში ოფიციალურად ბრალდებულ რომან შამათავასთან ერთად, თენგიზ გუნავასაც ადანაშაულებს.
თენგიზ გუნავა წერს: „ჩემი მისამართით „ოცნებამ“ სიცრუის მანქანა მიზანმიმართულად აამუშავა! მათ კარგად იციან რომ სამეგრელოში, კერძოდ ზუგდიდში, არჩევნები წაგებული აქვთ ! ნაცვლად იმისა, რომ გაუბედურებულ ოჯახს ყოფა შეუმსუბუქონ , მათ იყენებენ საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის!!! სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ:მე მართალი ვარ ჩემი სინდისის, ოჯახის და ქვეყნის წინაშე!!! ვერანაირად ვერ შემაჩერებენ, ვიბრძოლებ ბოლომდე და არჩევნებს ,,ოცნება" ზუგდიდში წააგებს!!“.