-
2014-06-05 10:52
პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელ პრესკონფერენციას სოციალურ ქსელში პირველი პრეზიდენტის ვაჟი გამოეხმაურა. მისი თქმით, პრემიერის პრესკონფერენცია ღია, თავისუფალ ფორმატში ახალი ფენომენია ქართულ პოლიტიკურ რეალობაში. თუმცა, ხსენებული ანგარიშვალდებულება კითხვის არამხოლოდ მოსმენას, არამედ მასზე ამომწურავი პასუხის გაცემასაც გულისხმობს.
„მიუხედავად მთელ რიგ საკითხებში ხელისუფლებისადმი კრიტიკული დამოკიდებულებისა, უნდა ვთქვა: პრემიერის პრესკონფერენცია ღია, თავისუფალ ფორმატში ახალი ფენომენია ქართულ პოლიტიკურ რეალობაში. აღარ არიან შერჩეული ჟურნალისტები განაწილებული, დაზეპირებული როლებით და აღარც მედიას ეშინია უზურპაციის და დახურვის უხერხული კითხვებისათვის.
ამგვარი ღონისძიებების ფორმატი და მიზანი სწორედ მთავრობის ანგარიშვალდებულების გაზრდაა საზოგადოების მიმართ. აქ მინდა ვუთხრა ბატონ პრემიერს, რომ ხსენებული ანგარიშვალდებულება კითხვის არამხოლოდ მოსმენას, არამედ მასზე ამომწურავი პასუხის გაცემას გულისხმობს; ან გაურკვეველი საკითხის შესწავლის ვალდებულების აღებას და შესრულებას.
ასევე ვფიქრობ, დროა ბოლო-ბოლო დამთავრდეს „ნაცმოძრაობის“ ოდიოზურ, დისკრედიტებულ ფრთაზე სწორება. თქვენ ხალხს იმიტომ არ აურჩევიხართ, რომ საზომად მუდმივად მერაბიშვილი და ახალაია მოგყავდეთ. მესამეც, კითხვების დასმა ბოროტი განწყობის ნიშანი არ არის და ნეგატიურ რეაქციას არ უნდა იწვევდეს. მათზე პასუხის გაცემა თქვენი ვალდებულებაა!“, - წერს ცოტნა გამსახურდია.