-
2013-11-13 14:02
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ვანო მერაბიშვილი. ზუგდიდში სამართალდამცავის დაჭრის ფაქტს ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს. „ნიუპოსტი“ აღნიშნულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„მინდა გამოვეხმაურო ზუგდიდში მომხდარ შემზარავ ფაქტს, როდესაც პოლიციის თანამშრომელი გახდა არაადამიანური წამების მსხვერპლი. მე მესმის, რომ ის ბრალდება, რომელიც მის წინააღმდეგ გაისმის საკმაოდ მძიმეა და დადასტურების შემთხვევაში იგი აუცილებლად უნდა იქნეს უმკაცრესად დასჯილი. თუმცა, მიუხედავად იმისა დამნაშავეა თუ არა ეს კონკრეტული პოლიციელი, მიმაჩნია, რომ კიდევ უფრო საგანგაშო ფაქტია მოქალაქის მიერ მართლმსაჯულების აღსრულების საკუთარ ხელში აღება.
მინდა ყველას შევახსენო, რომ ძალის გამოყენების და სამართლის დაცვის ერთადერთი ლეგიტიმური უფლება სახელმწიფოს აქვს და ყველა სხვა მცდელობა წარმოადგენს ამ სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებას. რიგითი მოქალაქეების მიერ მართლმსაჯულების განხორციელების საკუთარ თავზე აღება ნიშნავს სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ მათ უნდობლობას და გვაბრუნებს ჩვენ იმ ბნელ წარსულში, რომლიდანაც გამოსვლა მხოლოდ უკანასკნელი 9 წლის განმავლობაში მოვახერხეთ,"- აცხადებს ვანო მერაბიშვილი.