
ქართულ-ებრაული კლინიკის, “ჰელსიკორის” ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ექიმი გიორგი პაპიაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ მისთვის გაუგებარია ქართული ეკლესიის სიჯიუტე
საერთო კოვზით ზიარების თაობაზე
“ვიცი, რომ ეს პოსტი ,ალბათ,აგრესიასაც გამოიწვევს, მაგრამ როდესაც სასწორზე ჩვენი და ჩვენი ახლობლების სიცოცხლე დევს, კომფორტული დუმილის შენარჩუნების უფლება არ მაქვს. მაშინ, როდესაც მსოფლიოში სხვადასხვა რელიგიური კონფესია აწესებს შეზღუდვებს ან აჩერებს რელიგიურ მსახურებას, მათ შორის მართლმადიდებლური ეკლესიებიც, სრულიად გაუგებარია ჩვენი ეკლესიის სიჯიუტე და თავდაჯერება, რომ ტაძრებში ხალხმრავლობით ან საერთო კოვზით ზიარებით არავის არაფერი მოუვა. რწმენა ძალიან პირადია და ყველას აქვს უფლება, ისე სწამდეს, როგორც უნდა, მაგრამ რწმენა არ არის ცოდნა. შეიძლება გწამდეს, რომ არ დაავადდები, მაგრამ დანამდვილებით ეს არ იცი (მხოლოდ გწამს ამის). მაშინ რატომ ცდით ღმერთს? ვირუსმა არ იცის მორწმუნე და ურწმუნო. თქვენს რწმენას არაფერი დააკლდება უსაფრთხოების წესების დაცვით. მე ექიმი ვარ და მიჩვეული ვარ ფაქტებზე და მტკიცებულებებზე დამყარებით ვუმკურნალო ჩემს პაციენტებს. სიმართლე გითხრათ, ძალიან მაკვირვებს ზოგიერთი ჩემი კოლეგის პოზიცია, ვინც პირდაპირ თუ ირიბად ამართლებს ეკლესიებში ხალხმრავლობის შენარჩუნებას და საერთო კოვზით ზიარების პრაქტიკის არშეცვლას ამ ვითარებაში. წინ დიდი საეკლესიო დღესასწაულებია და ძალიან დიდია საშიშროება ვირუსის უკონტროლო გავრცელების. მე რომ დღეს ამაზე ხმა არ ამოვიღო, მეც თანამონაწილე ვიქნები იმ უბედურების, რაც დატრიალდება, ამიტომ ამის უფლება არ მაქვს. მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს, ექიმებს, მკაფიოდ დააფიქსირონ თავისი აზრი. არ არის დღეს მორიდების და კეკლუცობის დრო. ლოცვას და რწმენას არავინ ერჩის. დიდ პატივს ვცემ ყველა მორწმუნის რწმენას, მაგრამ მიეცით კეისარს კეისრისა და ღმრთისა ღმერთს.
დარჩით სახლში”.წერს იგი.