-
2017-09-10 23:07
"საზღვრის უკანონო გადაკვეთა. პირთა ჯგუფთან ერთად მესაზღვრეებზე თავდასხმა მათი მხრიდან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს", - ასეა კვალიფიცირებული უკრაინულ საიტ "მიროტვორეცზე" მიხეილ სააკაშვილის მონაცემები.
ეს საიტი 2014 წელს შეიქმნა და მასში შეჰყავთ იმ პირთა მონაცემები, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი მოქმედებებით არიან გამორჩეული, იქნება ეს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა თუ ანექსირებული ტერიტორიების აღიარება, ან ამ ტერიტორიებზე ოფიციალური კიევის ნებართვის გარეშე შესვლა, ასევე, ნებისმიერი სახის დახმარების გაწევა ბოევიკებისადმი, რომლებიც აღმოსავლეთ უკრაინაში სახელმწიფოს წინააღმდეგ იბრძვიან.
საიტის შექმნისთანავე მოიაზრებოდა, რომ ის შეიქმნა უკრაინის უშიშროების სამსახურისა და შსს-ს მფარველობის ქვეშ.
სააკაშვილის გვარის გასწვრივ, გრაფაში "ქვეყანა" საქართველოა აღნიშნული, ხოლო მისამართის ადგილას მითითებულია БОМЖ, რაც აბრევიატურის სახით აღნიშნავს პირს დადასტურებული საცხოვრებელი ადგილის გარეშე.
"მიროტვორეცის" ბაზაში მიხეილ სააკაშვილის შეტანამ უკრაინელი ინტერნეტმომხმარებლის ნაწილში აღშფოთება, ნაწილში კი ირონია გამოიწვია. არიან ისეთებიც, ვინც მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილი ამ ბაზაში მოხვედრას იმსახურებდა.