-
2016-03-24 08:42
ანსამბლები "რუსთავი" და "ბანი" სამხრეთ რუსეთის ქალაქებში გასტროლებს გეგმავენ და ტურნეს ვლადიკავკაზიდან იწყებენ, რამაც ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელობისა და ოსი მოსახლეობის ნაწილის პროტესტი გამოიწვია. ტურნეს აპროტესტებენ სოციალური ქსელების ქართულენოვანი მომხმარებლებიც.
"პირველად ვლადიკავკაზში!", - ასეა დაანონსებული "რუსთავის" კონცერტი ჩრდილოეთ ოსეთის დედაქალაქში. კონცერტის გამართვა უნივერსიტეტშია დაგეგმილი, ამასთან, რექტორი აცხადებს, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და მასში უნივერსიტეტს მონაწილეობა არ მიუღია.
ქართული საზოგადოება “ერთობის” ხელმძღვანელი, რობერტ ცინდელიანი ამბობს, რომ 2008 წლის შემდეგ ვლადიკავკაზში კონცერტი გამართა თამარ გვერდწითელმაც.
“პროვოკაციის მცდელობები უკვე იყო, როდესაც აქ “ერისიონი” ჩამოვიდა – ვიპოვეთ ადამიანი, რომელიც არიგებდა ფურცლებს სხვადასხვა მოწოდებით, თუმცა ასეთი სიმწვავე მაშინაც კი არ ყოფილა. იქნებ უკვე საკმარისია. მით უმეტეს, აქედან საქართველოში ბევრი ადამიანი მიდის სამკურნალოდ, დასასვენელბად, სპორტულ ღონისძიებებზე”- ცინდელიანის კომენტარს ჩრდილოეთ ოსეთის პორტალი “აბონი” ავრცელებს.
შეგახსენებთ, ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა "რუსთავი" რუსეთში საგასტროლოდ მიდის. ასე მაგალითად, 2013 წელს, მოსკოვში დაგეგმილი კონცერტების წინ ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი ანზორ ერქომაიშვილი აცხადებდა, რომ "პოლიტიკა და ხელოვნება ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯინოს" და რომ ანსამბლი, მოსკოვის გარდა, რუსეთის სხვა ქალაქებშიც ჩავა.

