
5 ნოემბერს, 23 საათზე სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებასთან, ე.წ. მატროსოვის ციხესთან გაიმართა აქცია ვანო მერაბიშვილისა და ბაჩო ახალაიას მხარდასაჭერად.
აქციის მონაწილეებს ვანო მერაბიშვილის გათავისუფლების მოთხოვნის პლაკატებთან ერთად ბაჩო ახალაიას მხარდასაჭერი ტრანსპარანტებიც ეჭირათ.
აქციაში რამდენიმე ათეული ადამიანი მონაწილეობდა. ე.წ. მატროსოვის ციხესთან „თავისუფალი ზონის“ წევრები, ვანო მერაბიშვილის მეგობრები, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები შეიკრიბნენ.
„თავისუფლება ვანოს და ბაჩოს“, „შეწყდეს პოლიტიკური დევნა“, „არსებობს იდეალები, რომლებზეც ვოცნებობთ“ - ამ შინაარსის პლაკატებით აქციის მონაწილეებმა ცოცხალი კედელი სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან აღმართეს და „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის სახელს სკანდირებდნენ.
დაწესებულების მიმდებარე ტერიტორიაზე და ე.წ. მატროსოვის ციხის გადასახვევთან სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული, მაგრამ აქციის მონაწილეებისთვის ხელი არ შეუშლიათ.
აქციის მონაწილეებმა სანთლებით ასფალტზე წარწერა „თავისუფლება ვანოს“ გამოსახეს.
ვანო მერაბიშვილის მხარდასაჭერი აქცია დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა და ექსცესების გარეშე დასრულდა.