
გამოცემა Eurasianet აქვეყნებს სტატიას სატაურით: "გახდება თუ არა ივანიშვილი ხელისუფლების რუხი კარდინალი", სადაც ავტორი მოლი კორსო ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის, მის მიერ პრემიერმნისტრის დასახელების, მომავალი პრეზიდენტისა და პრემიერის პოლიტიკური გამოცდილების არქონაზე ამახვილებს ყურადღებას.
ავტორი წერს, რომ ბიძინა ივანიშვილის პირადი გეგმების გარდა, არ ჩანს მთავრობის სტრატეგია, ხოლო თავად ივანიშვილის უზარმაზარი ქონება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ მილიარდერი კვლავინდებურად მოახდენს გავლენას პოლიტიკურ პროცესებზე.
„მარგველაშვილისა და ღარიბაშვილის ხელისუფლებაში მუშაობის გამოცდილება, ჯამში სულ წელიწადსა და ცხრა თვეს ითვლის“, - წერს მოლი კორსო.
"44 წლის მარგველაშვილი უფრო მეტად ივანიშვილის კარგი მეგობრის სტატუსითაა ცნობილი, ვიდრე თავისი 9-თვიანი განათლების მინისტრობით. პრემიერ-მინისტრი მონაწილეობდა მარგველაშვილის წინასაარჩევნო კამპანიის დიდ ნაწილში, თუ არა მთლიანში. 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ კი, მარგველაშვილმა პრემიერთან ერთად გამართა პრესკონფერენცია. მისივე თქმით, ივანიშვილი გავლენას მოახდენს მარგველაშვილის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე გაპრეზიდენტების შემდეგ", - აღნიშნულია სტატიაში.
„დღესდღეობით ძალიან ცოტა რამ მიანიშნებს იმაზე, რომ ივანიშვილის პირადი გეგმების გარდა, მთავრობას საკუთარი სტრატეგია ჰქონდეს და დიდად არავინ ცდილობს იმ მოსაზრების გაფანტვას, რომ ერთადერთი, ვისაც კონტროლის სადავეები აქვს ხელთ, მილიარდერი პრემიერია.
არსებობს ორი ფაქტორი, რომელიც ამყარებს მოსაზრებას, რომ ივანიშვილი მთავარ ანგარიშგასაწევ ძალად დარჩება უახლოეს ხანებში – პირველი ისეთი სახელისუფლებო ინსტიტუტის არქონაა, რომელსაც შესწევს ძალა შეავსოს ივანიშვილის წასვლის გამოწვეული ვაკუუმი და მეორე – თავად პრემიერ-მინისტრის უზარმაზარი პირადი ქონება, რომელიც "ფორბსის" მონაცემებით 5,3 მილიარდ დოლარს შეადგენს, იმის გარანტიაა, რომ ის კვლავინდებურად გააგრძელებს გავლენის მოხდენას პოლიტიკურ პროცესებზე", - ნათქვამია სტატიაში ბიძინა ივანიშვილის შესახებ.