გრუშევსკის ქუჩაზე სნაიპერის მიერ მოკლულ სერგეი ნიგოიანს ევრომაიდნის ერთერთმა აქტივისტმა გოგომ თბილი ჩანაწერი მიუძღვნა, სადაც აღწერს, როგორ გაიცნო და დაამახსოვრდა მოკლული.
მირიამ დრაგინა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ნიგოიანის ფოტოს აქვეყნებს და წერს:
„ღამღამობით მოედანზე ჩაი დამქონდა. ციოდა. ის მაიდნის დამცველებს შორის მუდამ ერთი მხრიდან იდგა და სხვა დამცველებისგან განსხვავებით, ახლოს არ მოდიოდა, პოსტს არ ტოვებდა. თავად მივედი. ჩაი აიღო და ხელზე თავაზიანად მაკოცა. ვინაობა გამოვკითხე, გავიცანით ერთმანეთი.
ერთი კვირის შემდეგ შევამჩნიე, რომ ხელთათმანები არ ჰქონდა. მოვუტანე, ვკითხე: „ვერ მითხარი?“, მან კი მხრები აიჩეჩა და გაიღიმა. არასდროს არაფერი მოუთხოვია. ყოველ ღამე იდგა. ყოველ ღამე. ვფიქრობ, ის ბევრმა დაიმახსოვრა.
კოლორიტული იყო, არააქაური იერით. ვფიქრობდი, ალბათ ვინმე არის, ვინც იდეას უჭერს მხარს, ვთქვათ, ამიერკარპატელი. ერთხელაც, დავინტერესდი და აღმოჩნდა, რომ დნეპროპეტროვსკელი იყო. ლამაზი, პატიოსანი და გაბედული ადამიანი.
დღეს ის ცეცხლსასროლი იარაღით სნაიპერმა მოკლა. მხოლოდ ახლა ვხვდები, რომ სწორედ ის მოკლა. სერგეი ნიგოიან, გმადლობ ყველაფრისთვის, მუდამ მეხსომები“.
შეგახსენებთ, რომ 21 წლის სერგეი ნიგოიანი ევრომაიდნის აქტივისტი იყო. ის ცეცხლსასროლი იარაღით სნაიპერმა მოკლა, თუმცა, უკრაინის შსს ამ დრომდე უარყოფს ძალოვნების მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების ფაქტს.