
პროპორციული არჩევნების გაუქმებას ბათუმშიც აპროტესტებენ.
აქტივისტები დილიდან მთავრობის სახლთან შეიკრიბნენ და აჭარის მთავრობის თანამშრომლებს შენობაში არ უშვებდნენ.
შედეგად, სამართალდამცავების მიერ 4 პირია დაკავებული, რომლებიც ბათუმის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.
ამ დროისთვის აჭარის მთავრობის სახლთან სამართალდამცავები არიან მობილიზებული. ადმინისტრაციის თანამშრომლებს კი შესაძლებლობა მიეცათ შენობაში შესულიყვნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უსფროსის კონსტანტინე ანანიაშვილის განცხადებით დაკავებული პირები არ ემორჩილებოდნენ პოლიციის მოთხოვნას და არსებულ ფაქტზე ადმინისტრაციული სახის დანაშაული იკვეთება.
„აჭარის პოლიციის დეპარტამენტში სამთავრობო დაცვის სამსახურიდან შეტყობინება დაფიქსირდა. მათი განმარტებით, აჭარის მთავრობის შენობის ცენტრალური შესასვლელი კარი ბლოკირებული იყო. თანამშრომლებს გადაადგილების საშუალება არ ეძლეოდათ. გამოცხადდა საპოლიციო ძალები, არაერთი განმარტების მიუხედავად, რომ გაეთავისუფლებინათ შესასვლელი კარი და პროტესტი სხვა ფორმით გამოეხატათ, პოლიციის კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილენ. ამის შემდგომ ოთხი ადამიანი დაკავებულია და ფაქტზე ადმინისტრაციული შესწავლა მიმდინარეობს", - განაცხადა კონსტანტინე ანანიაშვილმა.