-
2016-07-10 18:15
რუსეთ საქართველოს შორის ბოლო პერიოდის ყველა ომის ვეტერანი რუსი მფრინავი რიაფაგატ ხაბიბულინი, რომელიც სირიაში ჩამოაგდეს, ასევე მისი მეწყვილე, ლეიტენანტი ევგენი დოლგინი სიკვდილის შემდეგ უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე წარადგინეს.
ამის შესახებ "გაზეტა.რუ" წერს და ასევე, აღნიშნავს, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მფრინავები საწვრთნელ გაფრენას ახორციელებდნენ, სინამდვილეს არ შეესაბამება:
"ხაბიბულინი მეთაურობდა საბრძოლო ჯგუფს ხუთი ვერტმფრენის შემადგენლობით, რომლებიც საბრძოლო დავალებას ასრულებდნენ. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ ხაბიბულინის ვერტმფრენის ჩამოგდების შემდეგ ადგილზე გასულმა სამძებრო-სადესანტო ჯგუფმა აალებული კაბინიდან ხაბიბულინის ცხედარი გადმოიტანა, ხოლო დოლგინის ცხედრის გადმოტანა ვერ მოასწრო, რადგან ვერტმფრენში არსებული საბრძოლო მასალები აფეთქდა, საბრძოლო მასალებით კი ვერტმფრენი არაა დატვირთული, როცა ის საწვრთნელ გაფრენას ახორციელებს", - უთხრა "გაზეტა.რუ"-ს წყარომ, რომელმაც ასევე დაამატა, რომ ვერტმფრენი ამერიკული ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექს TOW-ის რაკეტით ჩამოაგდეს, თუმცა, გამორიცხული არაა, ეს "სტინგერიც" ყოფილიყო.
შეგახსენებთ, პოლკოვნიკი ხაბიბულინი აფხაზეთში რუსეთ-საქართველოს ომის, ასევე, 2008 წლის ომისა და ჩეჩნეთის ორივე ომის ვეტერანი იყო. გავრცელებული ინფორმაციით, ორივე დაღუპულ პილოტს სახელმწიფო ჯილდოს სიკვდილის შემდეგ გადასცემენ.