2 აპრილს დონბასში მოქმედი უკანონო შეიარაღებული ფორმირებების წარმომადგენლები, რომლებიც მანქანით გადაადგილდებოდნენ, თავიანთ დანაღმულ ველზე აფეთქდნენ. შედეგად 7 სამხედრო დაიღუპა, მათ შორის ორი სნაიპერი ქალია.
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაზვერვის განყოფილების ცნობით, დაღუპული არიან სტახანოვის მე-6 ცალკეული მოტომსროლელი პოლკის რუსი სამხედრო მოსამსახურეები.
უწყების ინფორმაციით, დაღუპულები სატვირთო ავტომანქანაში იმყოფებოდნენ, რომელსაც ატო-ს ზონაში მყოფი ბოევიკებისთვის იარაღი და საბრძოლო მასალები გადაჰქონდა. ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთის მხრიდან ატო-ს ზონაში 120 ტონა საწვავ-საპოხი მასალა გაიგზავნა - იქ მყოფი რუსი სამხედრო მოსამსახურეებისა და ტექნიკის საჭიროებისთვის.
საპირისპირო ინფორმაცია გაავრცელა თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის დე ფაქტო ხელისუფლებამ: მათი განცხადებით, უკრაინული არმიის მიერ დადებულ ნაღმზე მშვიდობიანი მგზავრებით სავსე "გაზელი" აფეთქდა და ორი ადამიანი დაიღუპა.