-
2015-12-16 17:52
"ასად-ტური" - ასე ეწოდება რუსულ ტურისტულ ფირმას, რომელიც სირიის ცხელ წერტილებში მოგზაურობის მსურველ ტურისტებს ხუთდღიან ტურს 1.400 ევროდ ჰპირდება. შეთავაზებაში აღნიშნულია, რომ ტურისტების უსაფრთხოებას რუსი ჯარისკაცების ჯგუფები დაიცავენ.
შეთავაზების მიხედვით, ტურისტები იმოგზაურებენ და ფრონტის ხაზთან მაქსიმალურად ახლოს, ერთ კილომეტრში მივლენ. ფირმის წარმომადგენელი, ვინმე ანატოლი არონოვი აცხადებს, რომ ეს ტურები აბსოლუტურად უსაფრთხოა, ხოლო რუსეთში მრავლად არიან ადამიანები, რომლებიც მზად არიან, გადაიხადონ ფული იმაში, რასაც ტელევიზიით უფასოდ ხედავენ.
არონოვის თქმით, ის უკვე ესაუბრა რუსეთის საელჩოს წარმომადგენლებს სირიაში, ასევე აქვს კონკრეტული კავშირები ტრანსპორტისა და სასტუმროს თვალსაზრისით, თავად ქვეყანაში.
ამასთან, რუსეთის ტურიზმის სააგენტო აცხადებს, რომ არანაირი "ასადი-ტური" რეგისტრირებული ორგანიზაცია არ არის და რეგისტრაციის გარეშე ტურისტებს ქვეყნიდან ვერ გაიყვანს, რადგან ვერ უზრუნველჰყოფს მათ უსაფრთხოებას.