-
2015-12-10 00:51
უკრაინაში, დონეცკთან ახლოს, დასახლება ოპიტნოსეთან ქართველი მოხალისე მებრძოლი ირაკლი ქუთელია დაიღუპა. ის "კიბორგში" მსახურობდა, 93-ე ბრიგადის შემადგენლობაში. მეგობრები ახასიათებენ, როგორც გამოცდილ, ერთგულ და მამაც მებრძოლს.
ირაკლი ქუთელია, რომელიც ქვეითთა საბრძოლო მანქანის მძღოლი იყო, მანქანის ნაღმზე აფეთქების დროს დაიღუპა. მასთან ერთად დაიღუპა ალექს ბოლდირევი, მალსახმობით "მალიში" და კიდევ ერთი მებრძოლი, ანდრეი კუპრიანოვი, იგივე "იაკუტი". თავდაპირველად ინფორმაცია ორი პირის დაღუპვაზე გავრცელდა. მომხდარი შემთხვევის შედეგად დაჭრილია 7 უკრაინელი მებრძოლი.
ირაკლი ქუთელია ატო-ს ზონაში რამდენიმე თვეა, იბრძვის და ამ ხნის განმავლობაში "კიბორგის" წევრებს შორის პოპულარობა მოიპოვა. მისი თანამებრძოლები იხსენებენ, რომ ირაკლის აქტივში ბრძოლის ველზე მწყობრიდან გამოყვანილი, შემდეგ კი ატოს ძალების დისლოკაციის ადგილას მიყვანილი ოკუპანტთა ტანკია:
"ასეთი იყო ის - განუმეორებელი. არც თავის წარმოჩენა უყვარდა, არც რეკლამირება, რასაც აკეთებდა. ამ ვიდეოშიც ვერაფრით ვაიძულეთ, სახე კარგად გამოეჩინა", - იხსენებს მისი თანამებრძოლო და ვიდეოს აქვეყნებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლი ქუთელია უკრაინის მოქალაქეა. ის აფხაზეთიდან, ოჩამჩირიდან დევნილია, მისი ოჯახის წევრები ზუგდიდში ცხოვრობენ. მისი უკრაინელი თანამებრძოლების მიერ თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაცია, რომ მას არ ჰყავდა დედ-მამა და გაიზარდა უკრაინაში, ბავშვთა სახლში, არ დადასტურდა.


