
საუდის არაბეთის 53-მა რელიგიურმა ლიდერმა ხელი მოაწერა ონლაინ-პეტიციას, სადაც მოუწოდებენ მუსლიმ მორწმუნეებს, მორალური, მატერიალური და სამხედრო მხარდაჭერა გამოუცხადონ სირიის ხელისუფლების, ასევე მისი მხარდამჭერი ირანისა და რუსეთისთვის ჯიჰადის დაწყებას. ამის შესახებ "როიტერი" იტყობინება.
იმის მიუხედავად, რომ საუდის არაბეთის რელიგიური ლიდერები პირდაპირ არ არიან დაკავშირებული ქვეყნის ხელისუფლებასთან და მათი ეს პოზიცია არ შეიძლება განვიხილოთ, როგორც ზოგადად, საუდის არაბეთის პოზიცია, აღსანიშნავია, რომ პეტიციაზე ხელისმომწერ ლიდერებს დიდი გავლენა აქვთ ქვეყნის მოსახლეობაზე და ზოგადად, საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე.
ამასთან, სირიაში ბაშარ ასადის რეჟიმის წინააღმდეგ მოქმედმა 41-მა სეიარაღებულმა დაჯგუფებამ გაავრცელა განცხადება, სადაც ასევე არის მოწოდება, რომ საჭიროა კოოპერაციული მოქმედება, "რათა წინ აღვუდგეთ სირიის ოკუპაციის მოსურნე ირანი-რუსეთის ალიანსს". ამბოხებულთა განცხადება რუსეთის ქმედებას სირიაში აფასებს, როგორც რუსეთის სამხედრო აგრესიას და ღია ოკუპაციას.
აღსანიშნავია, რომ თურქეთის საჰაერო სივრცის განმეორებით დარღვევის შემდეგ აშშ-მა მოუწოდა რუსეთს, "პასუხისმგებლობით იმოქმედოს", ხოლო ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საბჭოს სხდომას მოიწვევს. ამასთან, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მკვეთრად გააკრიტიკა მოსკოვი, განაცხადა რა, რომ სირიაში რუსეთი "კლასიკურ ასიმეტრიულ ომს" აწარმოებს, რომელიც ასადის რეჟიმის შენარჩუნებისკენაა მიმართული, ხოლო შენიღბულია თითქოსდა "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლით.