იმის შესახებ, რომ უკრაინაში ტყვედ ჩავარდნილი რუსი ბოევიკები ანესთეზიის საშუალებით ოპერაციის ჩატარებაზე უარს ამბობენ, უკრაინულ ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ მასალებზე დაყრდნობით, გაზეთი „ქრონიკა+“ წერს.
„იმ კონკრეტულმა ფაქტმა, რომელიც 17 მაისს უკრაინაში მოხდა და „ქრონიკა+“-მა შეიტყო, კიდევ ერთი ძველი სიახლე წარმოაჩინა: მოსკოვიდან მართული ერთიანი მესიჯბოქსი პრორუსულად განწყობილ უკრაინულ და ქართულ, ასევე, სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების მედიაში.
ამ შემთხვევაში საქმე ეხება ლეგენდას, რომლის თანახმადაც საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი პატიმრებსა და ზოგადად, სხვადასხვა სიტუაციის გამო ქირურგის სკალპელის ქვეშ აღმოჩენილი ადამიანების ორგანოებს ჭრის და ყიდის.
ალბათ, ყველას გვახსოვს, თავის დროზე რა ამბავი იყო ატეხილი ამ კუთხით საქართველოში. შედეგად ყველამ, ვისაც მიშა და ნაციონალები არ მოსწონდა, მყისიერად დაიჯერა, რომ სკალპელით შეიარაღებული სანდრა საავადმყოფოების მორგებში ბოლთას სცემს და ელოდება, როდის შემოვა ცხედარი, რომ მერე ორგანოები ამოკვეთოს.
აბა დღეს რომელმა ტაქსისტმა, რომელმა 14 წელს გადაცილებულმა მოზარდმა არ იცის, რომ საქართველოს ასეთი „უღირსი“ პირველი ლედი ჰყავდა? მერე იყო და ეს სკანდალი ცოტათი ჩაცხრა, თანაც, პროკურატურას ხმა არ ამოუღია და ის იყო, დავიწყებას უნდა მისცემოდა, რომ უკრაინაში მიშას აღზევებისთანავე ხელახლა იფეთქა:
აქაოდა, მიშას ხომ უკრაინაში სანდრაც ახლავს და ცოლ-ქმარს, „იასნია“, აძლევთ ხელს, რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს ომი, რაც შეიძლება, მეტი ადამიანი დაიხოცოს, რადგან ისინი ამით ხეირობენ, სანდრამ უკრაინაში ადამიანის სხეულის ორგანოებით ვაჭრობა ახალ ფაზაში აიყვანაო.
უკრაინულ დასახლება სჩასტიესთან მომხდარი ფაქტი კი კიდევ ერთხელ ჰფენს ნათელს, საიდან მოდის ეს კონკრეტული მესიჯბოქსი: რა თქმა უნდა, მოსკოვიდან და, რა თქმა უნდა, არა ოფიციალური პირებისგან, არამედ რუსული მედიისგან, რომელსაც ხშირად აშკარად და არცთუ უანგაროდ, მხარს უჭერს ხოლმე ქართული მედია:
დაიდება ანალიტიკური წერილი ორგანოებით მოვაჭრე სანდრაზე რუსულ პრესაში და ჯერ სტამბის კარს არაა გამოცილებული რუსული გაზეთი, რომ ეგრევე ქართულ მედიაში ჩნდება...
ახლა კი ფაქტის შესახებ:
17 მაისს ოკუპირებული ლუგანსკის მხრიდან რუსმა ბოევიკებმა, უფრო კონკრეტულად კი რუსეთის არმიის სპეცრაზმის დანაყოფებმა სჩასტიეს დასახლებას შეუტიეს.
უკრაინელებმა ორი სამარელი სპეცრაზმელი აიყვანეს ტყვედ, ტოლიატის სპეცდანიშნულების რაზმის წევრები. ისინი დაჭრილები იყვნენ და ბატალიონ „აიდარის“ 59-ე ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
როგორც ასეთ შემთხვევებში ხშირად ხდება, რუსი დივერსანტები ძალიან შიშობდნენ, თავიანთი ორგანოები არ დაეკარგათ. მათ თქვეს, რომ რუსეთში, სანამ უკრაინაში დავალებით გამოუშვებდნენ, ყურს უჭედავდნენ სააკაშვილზე და მის ცოლზე ლაპარაკით, რომელთა დავალებითაც, მათი თქმით, ექიმები დაჭრილ ჯარისკაცებს ნარკოზს უკეთებდნენ, ვითომდა ოპერაციისთვის, სინამდვილეში კი რომელიმე ისეთ ორგანოს ამოჭრიდნენ, რაც მის მყისიერ სიკვდილს არ იწვევდა - ჯარისკაცი დროთა განმავლობაში უნდა მომკვდარიყო.
სწორედ ამიტომ, ერთერთმა დაჭრილმა რუსმა სპეცრაზმელმა მორჩილად გააკეთა ყველაფერი, რაც უბრძანეს, ერთის გარდა - ცოცხალი თავით არ გაიკეთა ნარკოზი და ოპერაციაზე კი დათანხმდა, მაგრამ განაცხადა, რომ არ სურს "დაძინება" და ყველაფერს გაუძლებს.
საშა ალექსანდროვის მიერ ამ უარზე მედპერსონალმა ძალიან დიდხანს იცინა, მაგრამ ბოლოს რა უნდა ექნა - საკმაოდ მძიმე ოპერაცია ნარკოზის გარეშე ჩაატარა. როცა საშას ჰკითხეს, რა გგონია, კონკრეტულად რას გიპირებდითო, მან უპასუხა - ცალ თირკმელს, ალბათ, ამომჭრიდით და გაყიდიდითო...
ოპერაცია ურთულესი გამოდგა, მაგრამ საშამ ის გმირულად აიტანა. არაა გამორიცხული, ორი რუსი სპეცრაზმელი დატყვევებულ უკრაინელ მებრძოლებზე გაცვალონ. საინტერესოა, როგორ მოჰყვება ამ ამბავს რუსი ჟურნალისტი მას შემდეგ, რაც თავს სამშვიდობოს დაიგულებს...“ - წერს გაზეთი „ქრონიკა+“ და დაჭრილი ჯარისკაცის უნარკოზო ოპერაციის ამსახველ ფოტოებსაც აქვეყნებს.